25 სექტემბერი 2023,   18:23
ვრცლად
"ლელო" ოპოზიციურ პარტიებს ახალი ერთობის შექმნას სთავაზობს - არის თუ არა დახარჯული მილიონობით ლარი საარჩევნო შედეგების გარანტი

"გირჩის" ერთ-ერთი ლიდერი "ლელოს" საარჩევნოდ დახარჯულ 20 მილიონს ახსენებს და არსებული რეზულტატის გამო აკრიტიკებს. იმ ფონზე, როდესაც მამუკა ხაზარაძის პარტია, ახალი, საერთო ოპოზიციური პლატფორმის შექმნის იდეით გამოდის. "გირჩი" ყოფილ ბანკირს ინვესტიციების მიზნობრიობას უწუნებს. ახალ პოლიტიკურ ცენტრში ამბობენ, რომ 2020 წლის არჩევნებზე მათ მხოლოდ 300 ათასით შეძლეს ის, რაშიც "ლელომ" მილიონები დაახარჯა. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ თუ ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემი ფულს მათთან დააბანდებს გაცილებით ნაკლები თანხით მომავალ პარლამენტში მეტ ადგილს შეავსებენ.

"ლელოსთვის" "გირჩი" დასახელებულ თანხაზე გაცილებით ნაკლები ღირს - ასეთია პარტიის პოზიცია. "ლელოში" კოლეგებთან ღირებულებით შეუთავსებლობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ "გირჩს" თვითმმართველობის არჩევნებზე მიღებული შედეგები ავიწყდება, სადაც "ლელომ" ქვეყნის მასშტაბით საკრებულოებში 30 წარმომადგენლის გაყვანა შეძლო.

ოპოზიციურ ფლანგზე თუნდაც ღირებულებით განსხვავებებზე კამათს მიუღებლად მიიჩნევენ სხვა ოპოზიციურ პარტიებში. "ნაციონალური მოძრაობა," რომელიც, "ლელოს" მსგავსად, საკუთარი ორბიტის ირგვლივ ახალი გაერთიანების იდეით უკვე გამოვიდა, კოლეგებს ხელისუფლების ცვლილებისკენ ორიენტირებას ურჩევს. ფინანსებზე აპელირება მიუღებელია "სტრატეგია აღმაშენებელშიც."

ოპოზიციურ ფლანგზე დაწყებულ პროცესებს 2024 წლის არჩევნებისთვის დაწყებულ ვაჭრობად მიიჩნევს მმართველი გუნდი. სახელისუფლებო პარტიაში ოპონენტებს ახსენებენ, რომ მხარდაჭერის მოსაპოვებლად მხოლოდ ფული საკმარისი არ არის. კანონმდებლების თქმით, ოპოზიციის დიდ ნაწილს მაღალი საარჩევნო ბარიერის დაძლევის შანსი არ აქვს, ეს გარემოება კი სამომავლოდ შიდა დაპირისპირებას კიდევ უფრო გაამწვავებს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში "ლელომ" 3.15 პროცენტი მიიღო და 1-პროცენტიანი ბარიერის პირობებში საკანონმდებლო ორგანოში 4 წევრი შეიყვანა. ამ დროისთვის პარტიას მხოლოდ 2 დეპუტატი წარმოადგენს. 2.89 პროცენტი იყო "გირჩის" რეზულტატი, რომელსაც პარლამენტში 4 კანონმდებელი ჰყავს.

 

დღის ამბები