25 სექტემბერი 2023,   17:22
ვრცლად
დაუმძიმდება თუ არა ბრალი მამაკაცს, რომელიც სექსუალური ძალადობის  საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დააკავეს და გაგრძელდება თუ არა დაკავებების სერია

არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში დაკავებული მამაკაცი ქუთაისის იზოლატორშია გადაყვანილი. მას ამ ეტაპზე ერთ-ერთი მოზარდის მიმართ განხორციელებულ მუქარას ედავებიან, თუმცა არ არის გამორიცხული ბრალი სქესობრივი დანაშაულის მუხლითაც დაუმძიმდეს. ბრალდებული, ისევე როგორც დაზარალებული არასრულწლოვანების ნაწილი, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია.

"კურიერი" დღეს ბათუმში ბრალდებულის საცხოვრებელ მისამართზე იმყოფებოდა. დაკავებულის ახლობლებს მომხდარის დეტალებზე საუბარი არ სურთ. მათი თქმით, მუქარას ადგილი არ ჰქონია.

კამერების წინ არ ჩნდება საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი, რომელსაც ხელს რამდენიმე მოზარდი ადებს. მამაკაცი საგამოძიებო ორგანომ, სავარაუდოდ, უკვე დაკითხა.
გაგრძელდება თუ არა დაკავებების სერია მოზარდ გოგონებზე ძალადობის მუხლით- ამას შინაგან საქმეთა სამინისტროში ჯერ არ აკონკრეტებენ.

ბათუმში, თბილისსა და ქუთაისში გამოკითხვები გრძელდება. რამდენიმე საათი პასუხობდნენ გამომძიებლების კითხვებს იმ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც, რომლებმაც სავარაუდო პედოფილიის ფაქტები მედიაში გაასაჯაროვეს.

დაკითხვების პარალელურად საგამოძიებო ორგანოები იკვლევენ იმ ვიდეო მტკიცებულებებს, სადაც, სავარაუდო, ძალადობის ფაქტებია ასახულია. დაზარალებულთა ინფორმაციით, საქმეში მინიმუმ 12 მოძალადე ფიგურირებს, რომელიც სექსუალური შინაარსის ვიდეო კადრებს დახურულ ჩატში ერთმანეთს უზიარებდა.

დღის ამბები