29 მაისი 2023,   23:13
ვრცლად
რა აქტივობებია დაგეგმილი ზუგდიდსა და ფოთში დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ზუგდიდშიც. იგეგმება ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, საბავშვო სივრცის მოწყობა, კოსტიუმირებული მსახიობებისა და ორკესტრის მსვლელობა, ასევე, თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის გამოფენაც. დღის ბოლოს დღესასწაული კონცერტით დასრულდება.

"გილოცავთ ყველას დამოუკიდებლობის დღეს, ამაღლებული განწყობა გვაქვს ზუგდიდში, ვემზადებით ამ დღისთვის. ძალიან ბევრი ლოკაცია იქმნება. ჩვენთან, კონკრეტულად, იქნება საბავშვო სივრცე, სადაც თექის მასტერკლასები გაიმართება. გელოდებით ყველას,"- განაცხადა ეკა ჯოლოგუამ.

ზუგდიდის მერის, მამუკა წოწერიას თქმით, ქალაქი სრულ მზადყოფნაშია შესაბამისად აღნიშნოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.

"პირველ რიგში, მინდა მთელს საქართველოს მივულოცო ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე. მშვიდობას, გამთლიანებას და წარმატებას ვუსურვებ თითოეულ ქართველს. რა თქმა უნდა, ზუგდიდი მზად არის უკვე ოფიციალური ღონისძიებების დასაწყებად, რომელიც დღის 2 საათზე დაიწყება. ყველა ასაკის ვიზიტორისთვის საინტერესო აქტივობებია დაგეგმილი. გვექნება სივრცე, სადაც ჩვენი შეიარაღებული ძალების აღჭურვილობა გამოიფინება, ასევე, მეწარმეთათვის სივრცე, საბავშვო სივრცეები, კოსტიუმირებული და მუსიკალური მსვლელობა. ასე რომ, ველოდებით როგორც ჩვენს მოსახლეობას, ასე სტუმრებს,"- განაცხადა ზუგდიდის მერმა.

ტურიზმის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილის, თამაზ იორაშვილის განცხადებით, ქალაქში მთავარი ღონისძიება დღის 2 საათზე დაიწყება.

"მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს 2 საათზე ქალაქ ზუგდიდში ვიწყებთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების აღნიშვნას. ტერიტორიაზე ძალიან ბევრი საინტერესო აქტივობა იქნება როგორც კულტურული, ისე შემეცნებითი და სხვადასხვა გასართობი სივრცეები. როგორც ხედავთ, არის ძალიან საინტერესო და ლამაზი საბავშვო სივრცე, ასე რომ, ყველას გელოდებით ბავშვებთან ერთად,"- აცხადებს თამაზ იორაშვილი.

დამოუკიდებლობის დღე აღინიშნება ფოთშიც. დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ "კურიერი" ფოთის ვიცე მერს, ლექსო თოდუას ესაუბრა.

"სრულიად საქართველოს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს. ქალაქ ფოთში სამზადისი უკვე დასრულების ეტაპზეა. დილიდან დაიწყო დროშის აღმართვის ცერემონიალი, ხოლო 13:30 წუთიდან დაიწყება მრავალფეროვანი კონცერტი. სამხედრო ტექნიკა და სხვა დანარჩენი ტექნიკა-ინვენტარები უკვე სრულ მზადყოფნაშია, უმასპინძლოს ქალაქ ფოთმა ამ დღესასწაულს,"- აღნიშნა ლექსო თოდუამ.

დღის ამბები