29 მაისი 2023,   22:01
ვრცლად
გვქონდა სურვილი, ოპოზიცია მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, თუმცა არ უნდათ ეს 2024 წლის არჩევნებამდე მოხდეს - არჩილ თალაკვაძე

როგორ მოახერხებს ქართული პოლიტიკური სპექტრი ევროპული რეკომენდაციების პირველი პუნქტის შესრულებას - მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ დეპოლარიზაცია ცალმხრივად ვერ შესრულდება და რომ პოლარიზაციის დასრულება ოპოზიციის ინტერესებში არ შედის.

"ქართული ოცნების" ლიდერების განმარტებით, 12 რეკომენდაციიდან კიდევ ორი რჩება, რომელზეც მუშაობა უახლოეს პერიოდში დასრულდება. 

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე აცხადებს, რომ მმართველ გუნდს სურვილი ჰქონდა რომ რეკომენდაციების შესრულების პროცესში ოპოზიცია მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული. 

"გვქონდა სურვილი, ოპოზიცია მაქსიმალურად ყოფილიყო ჩართული ევრორეკომენდაციების შესრულების პროცესში, თუმცა დავინახეთ, რომ მათ არათუ სურთ საქართველომ მიიღოს კანდიდატის სტატუსი, არამედ, პირიქით, ეშინიათ და არ უნდათ, რომ ეს 2024 წლის არჩევნებამდე მოხდეს. ამაში ხედავენ საფრთხეს სწორედ მათი პარტიული ინტერესებისთვის. ამიტომ დახურულ კარს მიღმა ევროპელ პარტნიორებს არწმუნებენ, რომ არჩევნებამდე საქართველოს არ მისცენ კანდიდატის სტატუსი," - ამბობს არჩილ თალაკვაძე.  

განცხადება გააკეთა პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ. 

"დარჩენილია სამი რეკომენდაცია 12-დან. ორი აქედან ეხება ვენეციის კომისიის დასკვნიდან გამომდინარე შესასრულებელ რეკომენდაციებს და მივყვებით დეტალურად თითოეულ ფრაზას. პოლარიზაციის საკითხს რა ეშველება იმ ფონზე, როდესაც მაგალითად პრეზიდენტიც კი ახალ ეტაპს სტარტავს პოლარიზაციის, მაშინ როდესაც ის გამაერთიანებელი უნდა იყოს, ზეპარტიული უნდა იყოს და სამწუხაროდ, ჯდება ნაც მოძრაობის ნარატივში სრულად, ეს არ ვიცი, მაგრამ ჩვენ მცდელობას არ დავაკლებთ. თუკი ევროპა თავად აღიარებს იმას, კრიტერიუმების გამოქვეყნებით და შეფასების ობიექტური კრიტერიუმით ცალკე აღებული, რომ საქართველო იმსახურებდა მაშინ როდესაც მან არ და ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ახლაც იმსახურებს, მაშინ საქართველოს შიგნით არ უნდა არსებობდეს ძალები, არა თუ პრეზიდენტი და რომელიმე პოლიტიკოსი, არ უნდა არსებობდეს ადამიანი, რომელიც ამის საპირისპირო მოცემულობას სთავაზობს საზოგადოებას," - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები