29 მაისი 2023,   23:25
ვრცლად
პრეზიდენტის 40 წუთიანი გამოსვლა პარლამენტში - რა საკითხებზე გაამახვილა მან ყურადღება, რა დაუწუნა "ოცნებას" და როგორ აფასებენ მის გამოსვლას პოლიტიკოსები

საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება უკრაინის სოლიდარობით დაიწყო. დეპუტატებმა წუთიერი დუმილით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს.

სხდომა ზურაბიშვილის ანგარიშით გაგრძელდა. მთავარი თემა ქვეყნის საგარეო კურსი და ევროპული მომავალი იყო. პრეზიდენტმა თქვა, რომ ყოველწლიური მოხსენებისთვის რეფერენდუმის თარიღი 31 მარტიც სიმბოლურად შეარჩია და თავის გამოსვლაში აქცენტი ქვეყნის უახლოეს პოლიტიკურ წარსულზე გააკეთა. გაიხსენა, თუ რა ნაბიჯები გადაიდგა "ქართული ოცნების" პირობებში ევროატლანტიკური ვექტორის გასამყარებლად და ამ წარმატებების ფონზე იკითხა, სად დგას ახლა მმართველი პარტია.

პოლარიზაციის გაღრმავება, არაობიექტურობა და ტენდენციურობა - ასე აფასებს მმართველი გუნდი პრეზიდენტის განცხადებას. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ თავის გამოსვლაში ისიც დააკონკრეტა, რომ ზურაბიშვილის პოზიციები მათ მოსაზრებასაც ეწინააღმდეგება, ვინც მას ხმა მისცა.

პრეზიდენტის მიმართვის ადრესატები დღეს მხოლოდ სახელისუფლებო გუნდის წევრები არ ყოფილან. ზურაბიშვილი ოპოზიციურ პარტიებსაც აკრიტიკებდა. მათ ნაწილს პერიოდული ბოიკოტის გამო უსაყვედურა, ზოგიერთებს კი შეახსენა, რომ ქვეყნის ევროპული მომავლის საწინააღმდეგოდ კონკრეტული ნაბიჯები აქვთ გადადგმული.

ყოველწლიური მოხსენების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, პრეზიდენტმა გამოსვლა იმ განცხადებების შეფასებას დაუთმო, რომელიც საქართველოში "მეორე ფრონტის" საფრთხეს ეხება. პასუხად "ქართული ოცნების" წევრებმა პროტესტი ადგილიდან რეპლიკებით გამოხატეს.

საპარლამენტო ტრიბუნიდან "ქართული ოცნების" ლიდერმა პრეზიდენტს მოუწოდა საზოგადოებისთვის განემარტა თუ რა რისკის და საფრთხის ქვეშ აღმოჩნდებოდა ქვეყანა თუ სხვა გზას აირჩევდა. მამუკა მდინარაძის თქმით, საქართველო სწორი პოლიტიკით და ეროვნული იდენტობის შენარჩუნებით შეძლებს ევროპული ოჯახის წევრი გახდეს. მმართველმა გუნდმა პრეზიდენტს ისიც შეახსენა, თუ რა ნაბიჯები გადადგა უკრაინის მხარდასაჭერად ხელისუფლებამ.

ფრაქციების და პოლიტიკური ჯგუფების გამოსვლების შემდეგ, სალომე ზურაბიშვილმა დასკვნითი სიტყვით აღარ ისარგებლა.

დღის ამბები