01 აპრილი 2023,   12:23
ვრცლად
მთავარი არის პოლარიზაციის დაძლევა, რომელიც ახლა ქვეყანაში არსებობს, მაგრამ ამ პოლარიზაციის დასაძლევად არაფერი გაგვიკეთებია - იაგო ხვიჩია 

პარლამენტში საგაზაფხულო სესია გაიხსნა - მთავარი საკითხები 12-პუნქტიანი ევრორეკომენდაციის ფარგლებში ინიცირებული კანონპროექტების განხილვა და მიღებაა, მათ შორის არის ცვლილებები "საერთო სასამართლოების შესახებ" კანონში და "დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონი. 

გარდა ამისა, დღის წესრიგშია ახალი სახალხო დამცველის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების და ცესკოს თავმჯდომარის არჩევა, რაზეც მხარეებს შორის ამ დრომდე კონსენსუსი ვერ შედგა. ხვალ პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის საქმიანობის ყოველწლიური ანგარიშს წარადგენს.

ამასთან, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" თავმჯდომარე აცხადებს, რომ მთავარი ახლა არის პოლარიზაციის დაძლევა. როგორც იაგო ხვიჩია განმარტავს, მთელი ამ პერიოდის მანძილზე პოლარიზაციის დასაძლევად მნიშვნელოვანი ღონისძიებები არ გატარებულა. 

"სახალხო დამცველიც მნიშვნელოვანი იყო ჩვენთვის და იქ ყველა ვცდილობდით მონაწილეობას. ასევე, გენდერული საკითხების დისკუსიებშიც ვიყავით, იქაც სიგიჟეები იხილებოდა. მაგრამ მთავარი, რა თქმა უნდა, არის პოლარიზაციის დაძლევა, რომელიც ახლა ქვეყანაში არსებობს. ამ პოლარიზაციის დასაძლევად, მას შემდეგ რაც ეს გვითხრეს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაფერი გაგვიკეთებია, უფრო მეტიც კიდევ უფრო ვზრდით ამ პოლარიზაციას,"-აცხადებს იაგო ხვიჩია. 

ევრორეკომენდაციების შესრულების აუცილებლობაზე საუბრობს პარლამენტის წევრი, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური მდივანიც. თუმცა სალომე სამადაშვილი ამბობს იმასაც, რომ ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ დადებით ანგარიშსს კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მინიჭებამდე არ მივყავართ. 

"საგაზაფხულო სესიაზე ჩვენი პრიორიტეტი რჩება ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება.დღეს ჩვენ გვითხრეს, რომ სანამ პოლიტიკურ კრიტერიუმებს არ დააკმაყოფილებთ, მანამდე თქვენთან მოლაპარაკებებს გაწევრიანებაზე არ დავიწყებთ და კანდიდატის სტატუს არ მოგანიჭებთ. ამიტომ ის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა არის კარგი, ოღონდ არაფერი საერთო ამას კანდიდატის სტატუსის მიღებასთან არ აქვს,"-აცხადებს სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები