01 აპრილი 2023,   17:28
ვრცლად
უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება - გასული ღამის განმავლობაში იბომბებოდა დონეცკი და ხერსონი

უკრაინაში საბრძოლო მოქმედებები გრძელდება. ღამის განმავლობაში იბომბებოდა დონეცკი და ხერსონი, არიან დაღუპულები და დაშავებულები. დღეს, დილით კონსტანტინოვკაში სახლებზე მიტანილი იერიშების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 14 კი დაშავდა. მძიმე არტილერიით დაიბომბა დნიპროპეტროვსკი. უკრაინაში ომის დანაშაულების გამოძიება გრძელდება. ქვეყნის გენერალურ პროკურატურაში 66 500 ომის დანაშაულია აღრიცხული.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას ესაჭიროება შორი დისტანციის რაკეტები, რათა რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა ფრონტის ხაზიდან დაშორებული წერტილებიდან მიიტანოს იერიში უკრაინულ ქალაქებზე.

"რუსეთის არმიამ სარაკეტო შეტევა განახორციელა ჩვენს ქალაქ კოსტიანტინივკაზე დონეცკის ოლქში. დაარტყეს საცხოვრებელ ტერიტორიას. ამ დროისთვის დაზარალებულთა სიაში 17 გვარია. 14 დაშავდა. 3 გარდაიცვალა. ვუსამძიმრებ ოჯახებსა და მეგობრებს. რუსული რაკეტები 4 საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა კოსტიანტინივკაში. მსგავსი დაბომბვები სამწუხაროდ ყოველდღიურობა გახდა. დონბასი, ხარკოვის ოლქი, ქვეყნის სამხრეთი. შესაძლებელი იქნებოდა ამ რუსული ტერორის შეჩერება, თუ შევძლებდით ჩვენი სამხედროების შესაბამისი სარაკეტო შესაძლებლობებით უზრუნველყოფას. უკრაინას ესაჭიროება შორი დისტანციის რაკეტები - რათა ოკუპანტებს არ ჰქონდეთ შესაძლებლობა, განათავსონ რაკეტების გამშვები დანადგარები ფრონტის ხაზიდან შორს და გაანადგურონ უკრაინული ქალაქები.

მადლობა ყველას მსოფლიოში - პოლიტიკოსებს, საზოგადო მოღვაწეებს, ჟურნალისტებსა და უბრალო ადამიანებს, რომლებიც ჩვენთან ერთად ამტკიცებენ, რომ რუსული ტერორისგან დასაცავად იარაღის მიწოდებაზე ტაბუ არ შეიძლება არსებობდეს. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პარტნიორებმა დააჩქარონ ამ სასიცოცხლო მნიშვნელობის მარაგის მიწოდება," - აცხადებს ზელენსკი.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერი, ოლექსანდრ სტუპუნი ამბობს რომ გასულ დღეს უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 4 იერიში მიიტანეს ოკუპანტების კონცენტრაციის წერტილებზე.

"მტრის განზრახვა უცვლელია - გაანადგუროს ჩვენი სახელმწიფოს კრიტიკული ინფრასტრუქტურა. იერიშები მიაქვს სამოქალაქო ობიექტებსა და სახლებზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში, ოკუპანტებმა საჰაერო იერიშები მიიტანეს დონეცკისა და ხერსონის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. მშვიდობიან მოსახლეობაში არიან დაღუპულები და დაშავებულები. უკრაინის მთელ ტერიტორიაზე კვლავ რჩება საჰაერო დარტყმების საფრთხე. მტერს აქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები. გასული დღის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების საჰაერო ძალებმა 4-ჯერ მიიტანეს იერიში ოკუპანტების კონცენტრაციის უბნებზე, დაარტყეს 2 საკონტროლო პუნქტს, მტრის საჰაერო თავდაცვის 2 პოზიციას და საბრძოლო მასალის საწყობს," - თქვა სტუპუნმა.

დღის ამბები