01 აპრილი 2023,   17:34
ვრცლად
წალენჯიხის წყლით უზრუნველსაყოფად 25 მილიონამდე ლარი დაიხარჯება, ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან - ირაკლი ზარქუა

დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც 2025 წლამდე უზრუნველყოფს წალენჯიხის წყლით მომარაგებას, რისთვისაც 25 მილიონი ლარი დაიხარჯება - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

მისი თქმით, პროექტი ხორციელდება პრემიერის ინიციატივით, საქართველოს განვითარების სტრატეგია 2030-ის ფარგლებში.

"პრემიერის ინიციატივით, საქართველოს განვითარების სტრატეგია 2030-ის მიხედვით, რეგიონებში ხორციელდება პროექტები წყლის პრობლემის მოსაგვარებლად. დღეს ხელი მოეწერა ხელშეკრულებას ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რომელიც 2025 წლამდე უზრუნველყოფს წალენჯიხის წყლით მომარაგებას. ეს ნიშნავს, რომ დაახლებით 25 მილიონი ლარი დაიხარჯება იმისთვის, რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდეს წყლის რეზერვუარებს, სათავო ნაგებობებს, შეიცვლება დაახლოებით 60 კილომეტრამდე მილები. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია და ამისთვის კიდევ ერთხელ, მადლობა მინდა ვუთხრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს. ამავე დროს, წალენჯიხას დღემდე აქვს წყალარინების პრობლემა, რომელიც არ აქვს და არ ყოფილა არასდროს. ამ პრობლემის მოგვარებას ბუნებრივია გარკვეული ფინანსური რესურსი სჭირდება და ამასთან დაკავშირებით ჩვენ კიდევ ერთხელ გვექნება პრემიერთან და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან მოლაპარაკებები. ეს დაკავშირებულია რამდენიმე ათეულ მილიონთან და დარწმუნებული ვარ, მთავრობასთან ერთად მოგვეცემა შესაძლებლობა, რომ წალენჯიხას ეს პრობლემაც მოვუგვაროთ," - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

დღის ამბები