07 თებერვალი 2023,   11:55
ვრცლად
სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიის მიზანი იუსტიციის საბჭოში ოპოზიციური გავლენების შეტანაა - "ხალხის ძალა" ამტკიცებს, რომ ამ გეგმას კონკრეტული მონაწილეებიც ჰყავს

სასამართლოზე ორგანიზებული შეტევების და ხელოვნური დისკრედიტაციის ანატომია - "ხალხის ძალა" ამტკიცებს, რომ ამ გეგმას კონკრეტული მიზნები აქვს და კონკრეტული მონაწილეებიც ჰყავს. ვრცელ წერილს ამჯერად მოძრაობის წევრი ზურა ქადაგიძე
ავრცელებს. ის სასამართლო რეფორმების ბოლო წლების ქრონოლოგიას იხსენებს, მათ შორის იმ ცვლილებებს, რომელიც ამერიკის საელჩოს ჩართულობით ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის ყოფნის პერიოდში განხორციელდა. ამბობს, რომ საელჩოსთან დაკავშირებული ორგანიზაციები, რომლებმაც თავად შეცვალეს სისტემა, დღეს მას მიზანმიმართულად აკრიტიკებენ და არ ერიდებიან პოლიტიკური პოზიციების გამოხატვასაც. საუბარია "იუესეიდის" კანონის უზენაესობის პროექტ პროლოგის ერთ-ერთ ხელმძღვანელზე, ინგა თოდრიასა და მის ფეისბუქ სტატუსებზე.

"ხალხის ძალაში" აცხადებენ, რომ სწორედ ყოფილი მოსამართლის ინგა თოდრიას ხელმძღვანელობით ჩატარებული რეფორმებით მოიპოვა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა გუნდმა სასამართლოზე კონტროლი. ქადაგაძის თქმით, პროლოგის მიზანი სისტემაზე ისევ ნაციონალური მოძრაობის გავლენის აღდგენაა.

თოდრიას გარდა წერილში ნახსენებია მისი უშუალო ხელმძღვანელი გიორგი ჩხეიძეც. "იუსეიდის" პროექტ პროლოგის წარმომადგენლები მათ მიმართ გაჟღერებულ ბრალდებებზე განმარტებებს არ აკეთებენ. მედიასთან კომენტარი არ ისურვა არც ეკა გიგაურმა და არც დავით ზედელაშვილმა, რომელიც ხალხის ძალის მტკიცებით საერთო გეგმის ერთ-ერთი შემსრულებლები არიან. მათ ნაცვლად კომენტარი ფონდი ღია საზოგადოების წარმომადგენელმა გააკეთა.

"იუსეიდის" პროგრამების და სოროსის ფონდის მიზნები რომ გავლენის მოპოვებაა სხვა ქვეყნების სასამართლოზეც, ამაზე ხალხის ძალის წარმომადგენლები კონკრეტული მაგალითებით საუბრობენ. განმარტავენ, რომ საელჩოს ჩართულობით და დაფინანსებით რეფორმები განხორციელდა ალბანეთსა და უკრაინაშიც, რომლის მიზნობრიობაზე არაერთი კითხვა ჰქონდათ უკრაინელ დეპუტატებსაც და ამერიკელ სენატორებსაც. თუმცა ხალხის ძალის განმარტებით, ამ ქვეყნებში რეფორმები მაინც მიიღეს და გარე ძალებმა გავლენები მოიპოვეს. მოძრაობა ხელისუფლებას მოუწოდებს, იგივე არ დაუშვან საქართველოს შემთხვევაში.

"ხალხის ძალაში" ამბობენ, რომ სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიის მიზანი იუსტიციის საბჭოში ოპოზიციური გავლენების შეტანა, გარკვეული მოსამართლეების მხრიდან შიდა დაპირისპირების გამწვავება და საბჭოს პარალიზებაა, რასაც მათივე განმარტებით, ნაც. მოძრაობის და გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის სასურველი მოსამართლეების დანიშვნა უნდა მოჰყვეს. მოძრაობის წევრები აცხადებენ, რომ სწორედ ამას ემსახურება საელჩოს მხრიდან ცვლილებების კატეგორიული მოთხოვნა. ხალხის ძალის ასეთ განცხადებას ოპოზიციაში საზოგადოებრივ აზრზე გავლენის მოხდენას უწოდებენ, თუმცა ამბობენ, რომ საბჭოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში გარე აქტორებიც უნდა მონაწილეობდნენ.

ოპოზიციის მოთხოვნები რომ ამერიკის საელჩოს რეკომენდაციებს ემთხვევა ამაზე საუბრობს მმართველი გუნდი. ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ პარლამენტში შესული ზოგიერთი კანონპროექტის მიზანია, სისტემაში ოპოზიციური გავლენის, უფრო კონკრეტულად კი ნაციონალური მოძრაობის კონტროლის აღდგენაა. სასამართლო რეფორმის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ საელჩოს მხრიდან საკანონმდებლო ორგანოსთვის შეთავაზებული რეკომენდაციების ნაწილი გათვალისწინებულია, ნაწილი კი - არა, რადგან ცვლილებები იუსტიციის საბჭოს პოლიტიზების რისკებს შეიცავდა.

სასამართლო რეფორმა ევროკომისიის რეკომენდაციების ერთ-ერთი პუნქტიც არის. შესაბამისი ცვლილებები პარლამენტის სამუშაო ჯგუფს უკვე მომზადებული აქვს, რომელიც შეფასებისთვის ვენეციის კომისიაშია გადაგზავნილი.

დღის ამბები