28 იანვარი 2023,   13:53
ვრცლად
სენატის შემდეგ ერთნაირსქესიანთა ქორწინებას მხარი კონგრესმაც დაუჭირა - ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც მხოლოდ ჯო ბაიდენის ხელმოწერა აკლია

აშშ-ის კონგრესმა ერთნაირსქესიანი წყვილების ქორწინება ფედერალურ დონეზე აღიარა. "ქორწინების პატივისცემის" შესახებ მიღებულ დოკუმენტს წარმომადგენელთა პალატაში 258 მხარდამჭერი ჰყავდა - წინააღმდეგი 169. სპიკერი ნენსი პელოსისთვის ეს ბოლო აქტია, რომელიც ამ თანამდებობაზე დაამტკიცა. ამბობს, რომ მიღწეულით ძალიან ამაყია.

ახალი კანონი ფედერალურ მთავრობას  საშუალებას აძლევს ერთ შტატში გაფორმებული ერთნაირსქესიანთა ქორწინება ნებისმიერ სხვა შტატში აღიაროს. დემოკრატი თამი ბალდვინი, რომელიც კანონმდებელთან ერთად, LGBTQ საზოგადოების წევრიცაა, ხსნის თუ რატომაა ეს გადაწყვეტილება ასე მნიშვნელოვანი მისთვის და მისი კოლეგებისთვის, რომელთათვისაც საკითხი მგრძნობიარე და ახლობელია.

საკანონმდებლო ინიციატივაზე მუშაობა აშშ-ის კონგრესმა მას შემდეგ გაააქტიურა, რაც უზენაესი სასამართლოს კონსერვატორმა მოსამართლეებმა და ასეთი ამ ორგანოში უმრავლესობაა, "აბორტის უფლების შესახებ კანონს" გადახედეს და მიანიშნეს, რომ შესაძლოა 2015 წელს მიღებულ გადაწყვეტილებასაც მიუბრუნდნენ, რომელიც ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინების კანონიერებას ითვალისწინებს. ახალი დოკუმენტი უკვე პრეზიდენტის მაგიდაზეა. თეთრი სახლი მიანიშნებს, რომ ხელმოწერის პრობლემა არ იქნება, რადგან ჯო ბაიდენი სულისკვეთებას იზიარებს. სამაგიეროდ მას არ იზიარებენ რესპუბლიკელების დიდ ნაწილში, კანონს მხარი მხოლოდ 40-მა მათგანმა დაუჭირა.

მოსახლეობის აღწერის ბიუროს ინფორმაციით, ამჟამად შტატებში 568 000-მდე ქორწინებაში მყოფი ერთნაირსქესიანი წყვილი ცხოვრობს. ინიციატორები და ხელმომწერები ფიქრობენ, რომ LGBTQ საზოგადოების უფლებების ხელშეწყობა დამტკიცებული დოკუმენტით კიდევ უფრო გამყარდება. მან რამდენიმე რელიგიური ორგანიზაციის მხარდაჭერა უკვე მოიპოვა.

 

დღის ამბები