28 იანვარი 2023,   15:13
ვრცლად
ირაკლი კობახიძე - ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა საქართველოში და არა ის, რაც უნდა კასიანოვს

რასაც ამბობს კასიანოვი, მისი უფლებაა, მაგრამ ქართველ ხალხს უნდა  მშვიდობა საქართველოში და არა ის, რაც უნდა კასიანოვს. მგონია, რომ ყველა ადამიანმა, რომელსაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის ინტერესი, უნდა დაგმოს ნებისმიერი მოწოდება მეორე ფრონტისკენ - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებულის, ანდრეი კასიანოვის მიერ იარაღის მოწოდებასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების შესახებ კითხვის პასუხად განუცხადა. 

მისი თქმით, კასიანოვი ბევრად უფრო დაბალი რგოლია იმ პოლიტიკოსებთან შედარებით, რომლებიც იგივე განცხადებებს აკეთებდნენ.

"გახსოვთ დანილოვი, პოდოლიაკი და სხვები, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებდნენ მეორე ფრონტის გახსნისკენ. ამასთან შედარებით კასიანოვი არაფერია. ისინი პირდაპირ აცხადებენ, რომ აქვთ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის ინტერესი. რომ ვკითხოთ ქართველ ხალხს, ისინი არიან ამის წინააღმდეგი. რასაც ამბობს კასიანოვი, კი ბატონო, მისი უფლებაა, მაგრამ ქართველ ხალხს უნდა  მშვიდობა საქართველოში და არა ის, რაც უნდა კასიანოვს. მისი უფლებაა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მაგრამ მე მგონია, რომ ყველა ადამიანმა, რომელსაც აწუხებს ჩვენი ქვეყნის ინტერესი, უნდა დაგმოს ნებისმიერი მოწოდება მეორე ფრონტისკენ" - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

მისივე თქმით, როდესაც საზოგადოება ხედავს, რომ  კასიანოვი აკეთებს ასეთ განცხადებებს და ამას არ გმობს მაგალითად რადიკალური ოპოზიცია, არ გმობენ სხვა ფიგურები, რომლებიც აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, ჩვენი მოსახლეობა  ფიქრობს, რომ ისინიც იზიარებენ ასეთ რამეს.

"რატომ არ ვისმენთ ჩვენ არც ერთ დამგმობ განცხადებას ისეთ მოწოდებებთან დაკავშირებით, რომელიც უკავშირდება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევას. ასეთი განცხადებების მიმართ უარყოფითი დამოკიდებულების გამოხატვა არის მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ საზოგადოება არ შევიდეს  შეცდომაში, იმისთვის, რომ საზოგადობას არ ეგონოს, რომ რაც უნდა კასიანოვს, იგივე უნდა მაგალითად რადიკალურ ოპოზიციას, რომელიმე ქვეყნის ელჩს და ა.შ. ამის დაგმობა, მეორე ფრონტთან დაკავშირებული განცხადებების მიმართ  უარყოფითი პოზიციის დაფიქსირება არის მნიშვნელოვანი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები