01 თებერვალი 2023,   09:40
ვრცლად
დიდი სცენარის ავტორებისთვის, რომელიც რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით არ იწერება, ხელისუფლება, რომელიც არ არის დაკვეთების უპირობო შემსრულებელი, მიუღებელია - დიმიტრი ხუნდაძე

მოძრაობა "ხალხის ძალის" წევრის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი დღესაც ისე იქცევა, რისთვისაც ის საქართველოში ჩამოვიდა, ქვეყანაში არეულობის შექმნა. ხუნდაძის თქმით, სწორედ ამ სცენარს მიყვებიან მისი "პოლიტიკური მეგობრებიც". 

ამის შესახებ მან "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა და ასევე ე.წ. დიდ სცენარზე ისაურა, რაც მისივე თქმით, ქვვეყნის გარეთ იწერება. ხოლო, მათთვის, ვისაც დიმიტრი ხუნდაძე დიდი სცენარის ავტორებად მიიჩნევს,  ხელისუფლება, რომელიც დაკვეთების უპირობო შემსრულებელი არ არის - მიუღებელია.

"ვფიქრობ, რომ თუკი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ზრუნვის საგანია ყველასათვის, პირველ რიგში მისი პოლიტიკური მეგობრებისათვის, ეჭვი არ მეპარება, რომ მისი ოჯახის წევრები მასზე ძალიან წუხან, პრინციპში მთელი სახელმწიფოს საზრუნავი გახდა ის. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილი იქცევა ისე, რისთვისაც ჩამოვიდა. მისი პოლიტიკური მეგობრებიც სწორედ იმ სცენარის მიხედვით იქცევიან, რისთვისაც მისი ჩამოყვანა დაიგეგმა. 

მიხეილ სააკაშვილი არის დესტრუქციის ავტორი, მაგრამ ახლა მისი ავტორობა ნაკლებად არის ანგარიშგასაწევი, რადგანაც მე ვფიქრობ, ეს იმ დიდი სცენარის ნაწილია, სადაც სააკაშვილი უნდა ყოფილიყო იმ როლის შემსრულებელი, რაც ქვეყანაში არეულობას შექმნიდა. მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ საზოგადოება მის ასეთ საქციელს მიიღებდა და ქუჩაში გამოვიდოდნენ, თუმცა საზოგადოების ქცევა არის ადეკვატური, რაც მათ ნახეს უკვე. 

დიდი სცენარი, რა თქმა უნდა, ქვეყნის შიგნით არ იწერება და როგორც ჩანს, ხელისუფლება, რომელიც არ არის დაკვეთების უპირობო შემსრულებელი, ეს მიუღებელია დიდი სცენარის ავტორებისთვის. 

დიდ პოლიტიკაში, როგორც ჩანს, პატარა ქვეყნის ინტერესები როდესაც ასე მაღალ ხარისხში აყავს ხელისუფლებას, ის ხელისუფლებები მიუღებელი ხდება, რადგან მათი გადმოსახედიდან, დიდ პოლიტიკას ისინი ხელს უშლიან. 

სცენარი წაკითხვადია უკვე, რეგიონში ურთულესი ვითარების დროს, როდესაც აქტიური საომარი მოქმედება მიდის უკრაინაში, მაგრამ აქტორები არ არიან მხოლოდ უკრაინა და რუსეთი, ჩართულია პრაქტიკულად დასავლეთის უდიდესი ნაწილი.

როგორც ჩანს, დიდ სცენარში, საქართველოს როლი იყო ის, რომ მეორე ფრონტი გახსნილიყო. ეს მოწოდებები პრაქტიკულად ყოველდღეა,"- აცხადებს დიმიტრი  ხუნდაძე. 

დღის ამბები