01 თებერვალი 2023,   10:07
ვრცლად
რაკეტები და საარტილერიო ჭურვები - რუსეთ-უკრაინის ფრონტის ყველაზე ცხელი წერტილები და ვითარება ომის 287-ე დღეს

თითქმის ერთ თვიანი პაუზის შემდეგ, საოკუპაციო ძალამ უკრაინაში კამიკაძე-დრონებით შეტევა განაახლა. გათავისუფლებულ ხერსონში, აგრესორის იერიშს 1 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაზიანებულია რამდენიმე საცხოვრებელი სახლი.

ირანული წარმოების უპილოტო საფრენი აპარატებით დაბომბეს დნეპროპეტროვსკის ოლქიც. ქალაქ კრივოი როგში აფეთქების შედეგად შუა ხნის ქალი დაიღუპა. ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ათასობით უკრაინელი.

220-ზე მეტი ჭურვი ისროლეს ოკუპანტებმა სუმის ოლქის სასაზღვრო ტერიტორიის მიმართულებით. ზიანი მიადგა რეგიონის 7 დასახლებას. განადგურებულია 3 მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსი.

მეორე დღეა მასშტაბური უმისამართო სარაკეტო იერიშის ქვეშ არის ოკუპირებული დონეცკი. საოკუპაციო ძალა დაბომბვასა და მშვიდობიანი მოსახლეობის ტერორში ბრალს უკრაინულ მხარეს სდებს. რასაც ოფიციალური კიევი აბსურდს უწოდებს. უკრაინის თავდაცვის უწყება ამბობს, რომ რაკეტებს რუსი ჯარისკაცები მაკეევკის ტერიტორიიდან უშვებენ.

საპასუხოდ რუსი სამხედროების კონცენტრაციის 22 ზონას დაარტყა ღამის განმავლობაში უკრაინულმა ავიაციამ. აფეთქებულია სამეთაურო შტაბი და იარაღის საცავი. წერტილოვანი დარტყმის შედეგად განადგურებულია საოკუპაციო ძალის 4 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი.

მძიმე ბრძოლები მიმდინარეობს ბახმუტში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ მტერს დიდი დანაკარგი აქვს ცოცხალი ძალის და მძიმე ტექნიკის კუთხით. დღესვე ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალა ბავშვებს იტაცებს და ე.წ "პატრიოტული აღზრდისთის" ჩეჩნეთში აგზავნის.

უკრაინაში ომის 287-ე დღეს ვლადიმერ პუტინი კვლავ ბირთვულ ომის საფრთხეზე ალაპარაკდა. ოკუპანტი ქვეყნის ლიდერი ამბობს, რომ მასობრივი განადგურების იარაღს პირველი არ გამოიყენებს.

მანამდე კი რუსეთი ფრონტის ხაზიდან მოშორებით, საკუთარ ტერიტორიაზე თავდაცვით პოზიციებს ამაგრებს. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ცნობით, გადაჯგუფებაა ბელგოროდის ოლქში. სამოქალაქო თავდაცვის კურსს გადიან რიგითი მოქალაქეები. გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ინფორმაციით, ამის მიზეზი, უკრაინის მიერ 2 დღის განმავლობაში რუსულ სამხედრო აეროდრომებზე მიტანილი იერიში გახდა.

დღის ამბები