09 თებერვალი 2023,   12:34
ვრცლად
ექსპრეზიდენტის გათავისუფლება როგორც "ნაციონალური მოძრაობის" საერთო ინტერესი და მიზნის მისაღწევად არჩეული განსხვავებული გზები - რა გამოხმაურება მოჰყვა ენმ-ის აქციას

ერთი პარტიის წევრები, პროტესტის საერთო მიზეზი და შეკრების საერთო ადგილი, სადაც მონაწილეები სხვადასხვა დროს და სხვადასხვა გზით მივიდნენ. ლევან ხაბეიშვილის მხარდამჭერებმა ორგანიზებული მსვლელობით და შეძახილებით, დანარჩენებმა კი ან ამ მსვლელობის დაწყებამდე ან მის შემდეგ მოიყარეს თავი "ქართული ოცნების" ოფისთან. ერთიანობა ნაკლებად ჩანდა და ამის მცდელობა არც ყოფილა, თუმცა ისმოდა შეთანხმებული განცხადებები დღევანდელი აქციის მიზანთან და ფორმატთან დაკავშირებით.

იმის გათვალისწინებით, რომ აქციას ზეპარტიული უწოდეს, ტრიბუნას პარტიის ლიდერები ნაკლებად იკავებდნენ. გამომსვლელებს შორის ძირითადად აქტივისტები იყვნენ, რომლებიც ავლებდნენ პარალელებს მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობასთან დაპატიმრებამდე და მის შემდეგ.

აქცია დაახლოებით ერთ საათში ინციდენტების გარეშე დაიშალა ისე, რომ მას ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრები არ დასწრებიან. მიხეილ სააკაშვილის დედა ჟურნალისტებს ტრადიციულად კლინიკა "ვივამედში" შეხვდა,  სადაც მისი შვილის მდგომარეობასთან ერთად, პოლიტიკური პროცესების მიმართ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა. თქვა იგივე, რასაც თავად სააკაშვილი გუშინ ადვოკატის მეშვეობით ახმაურებდა, რომ ახლა მის ინტერესში პოლიტიკური საკითხები არ არის.

სააკაშვილისთვის ახლა პარტიული საკითხები მთავარი ფაქტორი არ არის, თუმცა ისმის კითხვა რამდენად არის თავად სააკაშვილი მთავარი ფაქტორი სხვა ლიდერებისთვის "ნაციონალურ მოძრაობაში" პოზიციების გასამყარებლად. ექსპრეზიდენტის მიმართ სოლიდარობის დემონსტრირება ახლა თავმჯდომარეობის ყველა მსურველისთვის აუცილებლად ჩასაბარებელი ნორმატივია. ასე შეფასდა მმართველ პარტიაში დღევანდელი აქცია, რომელიც მათ ოფისთან გაიმართა.

რასაც მმართველ პარტიაში სპეკულაციას და დივიდენდების მიღების მცდელობას უწოდებენ, "ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ მკურნალობის მოთხოვნით, როგორც თავად თქვეს, დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი იყო. ახლა ისინი მომდევნო სასამართლო სხდომას და გადაწყვეტილებას დაელოდებიან დაელოდებიან, გაითვალისწინებს თუ არა მოსამართლე სასჯელის გადავადებისა და საზღვარგარეთ მკურნალობის შუამდგომლობას. უარის შემთხვევაში, პროტესტის გამწვავების პირობას დებენ.


დღის ამბები