09 თებერვალი 2023,   14:11
ვრცლად
Washington Post იციკ მოშეს მკვლელობის დამკვეთს ასახელებს - ვინ არის შაჰრამ ფურსაფი

შეკვეთილი მკვლელობების საქმე თბილისში, Washington Post იციკ მოშეს მკვლელობის დამკვეთს ასახელებს.

გავლენიანი ამერიკული გამოცემა Washington Post წერს, რომ სწორედ 46 წლის შაჰრამ ფურსაფია - ირანის რევოლუციური გვარდიის ქოლგის ქვეშ მოქმედი "ყუდსის ძალების" ოფიცერი, რომელმაც დაუკვეთა საქართველოში ებრაელი ბიზნესმენის, იციკ მოშეს ლიკვიდაცია.

ვრცელი სტატია ეყრდნობა სადაზვერვო ინფორმაციას და ამერიკის ოფიციალური წყაროების მიერ მომზადებულ საიდუმლო ანგარიშს. ირკვევა, რომ შაჰრამ ფურსაფის დაკვეთით საქართველოში მოღვაწე ბიზნესმენის მკვლელობას ჯერ კიდევ გასულ წელს გეგმავდნენ. თავად ბიზნესმენმა დამკვეთის ვინაობა მედიით შეიტყო. მან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ჩვენებაც უკვე მისცა.

შაჰრამ ფურსაფის სახელი არ სმენიათ ბიზნესმენის მკვლელობის მომზადების საქმეზე დაკავებულთა ადვოკატებს. სავარაუდო ქილერი, პაკისტანის მოქალაქე ამარ ხანი ახლა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება. სუსისთვის მიცემულ ჩვენებაში ამბობს, რომ იარაღი თბილისში უცხო პირებმა გადასცეს. მასთან ერთად საქმეში საქართველოსა და ირანის ორმაგი მოქალაქეობის მქონე ორი მამაკაციც ფიგურირებს. ქილერი დამკვეთად ვინმე სუფიანს ასახელებს. სავარაუდოდ, სწორედ ამ სახელით მოიხსენიებენ შაჰრამ ფურსაფის.

თბილისში დაგეგმილი მკვლელობა ერთადერთი არაა, რომლის დამკვეთად შაჰრამ ფურსაფის სახელი ფიგურირებს. გასულ წელს, 300 000 დოლარის სანაცვლოდ იგივე პირმა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი მრჩეველის, ჯონ ბოლტონის ლიკვიდაციაც დაუკვეთა. ეფბიაიმ მერილენდის შტატში დაგეგმილი დანაშაული მომზადების სტადიაზე აღკვეთა და საერთაშორისო შეთქმულების ბრალდებით, შაჰრამ ფურსაფის მიმართ ძებნა გამოაცხადა. დაპატიმრების შემთხვევაში, მას 25 წლიანი პატიმრობა ემუქრება.

ჯონ ბოლტონის მკვლელობა სიმბოლურად ყუდსის ძალების მეთაურის, გენერალ ქასემ სულეიმანის წლისთავს უნდა დამთხვეოდა, რომელიც შეერთებულმა შტატებმა 2020 წლის ორ იანვარს ბაღდადის აეროპორტში დრონით თავდასხმის დროს გაანეიტრალა. თბილისში, იციკ მოშეს ლიკვიდაციის გეგმა კი სისრულეში 7 ნოემბრამდე უნდა მოეყვანათ და ამ გზით ხელი შეეშალათ ბიზნესმენის ორგანიზებით ებრაელ ხალხთა საერთაშორისო კონფერენციისთვის.

დასავლურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, შაჰრამ ფურსაფის დაკვეთით შეერთებული შტატების ტერიტორიაზე იგეგმებოდა ამერიკაში ემიგრირებული ირანელი დისიდენტის, ამირ ფახრავარის მკვლელობაც. თეირანის მიერ დევნილი საზოგადო მოღვაწე ვაშინგტონში ირანის თავისუფლების ინსტიტუტს ხელმძღვანელობს.

თავდასხმების ერთ-ერთ მოტივად ანტისემიტიზმი სახელდება. ამ მოტივზე საუბრობს ბიზნესმენი იციკ მოშეც, რომლის ლიკვიდაციასაც თბილისში გეგმავდნენ. სუს-ის ინფორმაციით, მკვლელობის დამკვეთი ირანის მოქალაქეა, შემსრულებელი - 38 წლის პაკისტანელი ამირ ხანი, რომელიც საქართველოში დუბაიდან სექტემბერში ჩამოვიდა. თანამზრახველებმა მას ვაშლიჯვარში კონსპირაციული ბინა დაახვედრეს. ის სწავლობდა სამიზნის გადაადგილების მარშრუტს, მუდმივ კავშირზე იყო უცხოეთში მყოფ შემკვეთთან და მისგან მითითებებსა და ფულს იღებდა. პაკისტანელი ქილერი სუსმა სპეცოპერაციის შედეგად სწორედ კონსპირაციულ ბინაში აიყვანა. პარალელურად დანაშაულში თანამონაწილეობის ბრალდებით დააკავეს ორი პირი. გამოძიების ინფორმაციით, ისინი საქართველოში ჩამოსულ ქილერს იარაღით ამარაგებდნენ. საქმის არსებით განხილვას თბილისის საქალაქო სასამართლო დეკემბრის ბოლოს იწყებს.

დღის ამბები