29 იანვარი 2023,   16:34
ვრცლად
"არ ვიცი, ვინც გეგმავდა ჩემზე ტერაქტს... მადლიერი ვარ ქართული მხარის" - რას უკავშირებს "კურიერთან" იციკ მოშე მასზე დადეგმილ თავდასხმას

ჯონ ბოლტონისა და იციკ მოშეს მკვლელობის დაგეგმვა ერთი და იგივე პირის შეკვეთილი იყო - ინფორმაციას "ვაშინგტონ პოსტი" ავრცელებს.

ამერიკული გამოცემის ვერსიასთან დაკავშირებით, იციკ მოშე "კურიერთან" პირველ კომენტარს აკეთებს. ის ირანში მოქმედ დაჯგუფებებს ადანაშაულებს და ამბობს, რომ დაგეგმილი თავდასხმის უკან ირანის რევოლუციურ გვარდიას დაქვემდებარებული ტერორისტული ჯგუფი დგას, მთავარი მოტივი კი ანტისემიტური განწყობებია.

"ამ პიროვნების შესახებ, მე, რა თქმა უნდა, არაფერი არ ვიცი, ვინც გეგმავდა ჩემზე ტერაქტს. ეს არის დასავლური პრესის აზრი, რომ ეს ეხება საქართველო-ისრაელისა და მეგობარი ქვეყნების კავშირების აქტივობას. 7 ნოემბრამდე ეს უნდა მომხდარიყო. 

[მიზეზი] შეიძლება იყოს 2 მიმართულება - ეს არის ისრაელის კავშირები მეგობარ ქვეყნებთან და ამაში ფიგურირებს ისრაელ-საქართველოს კავშირები და მეორე, ჩვენი ორგანიზაციის, "ისრაელის სახლის" საერთაშორისო ქმედება ანტისემიტიზმის წინააღმდეგ და ზუსტად ის ფორუმი, რაც ჩვენ ჩავატარეთ იერუსალიმში. ვინაიდან გამოძიების ერთ-ერთი შედეგი იყო, რომ ეს მომხდარიყო 7 ნოემბრამდე და 7 ნოემბერს ჩვენ ჩავატარეთ საერთაშორისო ფორუმი იერუსალიმში, სადაც მონაწილეობდა რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის საქართველო.

მადლიერი ვარ ქართული მხარის, რადგან ამის აღკვეთა მოხდა. რაც შემიძლია, ჩემი მხრიდან ინფორმაციას მივაწვდი, რომ გამოძიება იყოს ეფექტური," - განაცხადა საქართველო-ისრაელის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა იციკ მოშემ "კურიერთან".

"ვაშინგტონ პოსტმა" ირანიდან დაგეგმილ მკვლელობებთან დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა. გამოცემა დასავლელ ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ იციკ მოშეს მკვლელობა სურდა იგივე პირს, რომელმაც აშშ-ს ყოფილი ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლის, ჯონ ბოლტონის მკვლელობა დაუკვეთა. ბოლტონის მკვლელობის დაგეგმვა ბრალად ედება ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსის წევრს, შაჰრამ პურსაფის. შტატების ინფორმაციით, პურსაფიმ სოციალური ქსელების მეშვეობით დაიქირავა პირი, რომელსაც 300 ათასი დოლარის სანაცვლოდ ბოლტონი უნდა მოეკლა, თუმცა, მისი გეგმის ერთ-ერთი მონაწილე ამერიკის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს შენიღბული ჯაშუში იყო და მკვლელობა ჩაიშალა. აშშ-ს წარმომადგენლები ამბობდნენ, რომ პურსაფის სურდა შური ეძია ყუდსის ძალების მეთაურის, ყასემ სოლეიმანის მკვლელობაზე, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციის დროს, 2019 წლის დეკემბერში მოხდა. პურსაფი "ეფბიაის" ძებნილთა სიაშია.

დღის ამბები