29 იანვარი 2023,   17:04
ვრცლად
"აგრძელებენ ქვეყნის საწინააღმდეგო პიარკამპანიას და ამაში იხდიან ფულს" - ირაკლი ქადაგიშვილი მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატიაზე

უცხოურ მედიაში მიხეილ სააკაშვილის შესახებ გამოქვეყნებული სტატიის შესახებ განცხადებები კეთდება მმართველ გუნდში. უმრავლესობის წარმომადგენლები სტატიის შინაარსს სპეკულირებას უწოდებენ, რომელიც ქვეყნის იმიჯს აზიანებს. 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი ამბობს, რომ სტატია ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა. 

"ზნეს და ჩვეულებას არ იცვლის ეს ადამიანი. როგორც დამაზიანებლად შემოიჭრა იგი უკანონოდ საქართველოს ტერიტორიაზე, რომ ქვეყანაში არეულობა შემოეტანა და რომ ვერ გამოვიდა ეს გეგმა, ახლა ვხედავთ, რომ სპეკულირება გრძელდება. ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანაც დააზიანონ, იმიჯიც შეულახონ, ოღონდ კი ეს ადამიანი, რომელიც მუდმივად ქვეყნის დაზიანებით არის დაკავებული, ახლა რამენაირად ქვეყნიდან გაიყვანონ. ჩვენ ვხედავთ, რომ ვერც ერთი სამედიცინო ოფიციალური დასკვნა ვერ დაიდო, რომელიც მისი ჯანმრთელობის გამო მის პატიმრობას რამენაირად შეცვლიდა. გამომდინარე აქედან, აგრძელებენ ამ ქვეყნის საწინააღმდეგო პიარ კამპანიას და ამაში იხდიან ფულს და ჩვენ ვხედავთ, რომ აბსოლუტურად დაუსაბუთებელ, პირდაპირ ტყუილზე დამყარებულ ინფორმაციას ავრცელებენ სხვადასხვა მედიასაშუალებები," - აცხადებს ირაკლი ქადაგიშვილი.  

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ სტატიაში მოყვანილი ფაქტები რეალობას არ შეესაბამება.

"გაბუქებულად, გაზვიადებულად წარმოჩენის მიზანი აქვს ამ შემთხვევაში ასეთი კომპანიის დაქირავებას, იქნება ეს იურიდული კომპანია თუ ლობისტური კომპანია, თუ რა სახელიც არ უნდა მოვუძებნოთ, მთავარი არის ხელშეკრულების მიზანი. ხელშეკრულება დაიდო იმ მიზნით, რომ წარმოჩინდეს ვითარება, რომ თითქოს არსებობს ჰუმანიტარული მიზანი სააკაშვილის უცხოეთში წაყვანის, რომ მან სასჯელი არ მოიხადოს. ეს არის ის, რაც არ წერია ხელშეკრულებაში, მაგრამ ნამდვილი მიზანია," - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 

დღის ამბები