29 იანვარი 2023,   17:30
ვრცლად
რა წერია "ემპათიის" 194-გვერდიან დოკუმენტში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით

ცენტრ "ემპათიის" ექიმებმა მიხეილ სააკაშვილს 10-მდე დიაგნოზი დაუსვეს და 194- გვერდიან დასკვნაში ჩაწერეს, რომ მას 4 ქირურგიული ოპერაცია სჭირდება. დოკუმენტში, ასევე, ნათქვამია, რომ რთულია ყოფილი პრეზიდენტის ფსიქო-ემოციური მდგომარეობაც. დამოუკიდებლმა ექსპერტებმა ჩატარებული კვლევების შემდეგ, შესაძლო ინტოქსიკაციის კვალიც დაინახეს. დოკუმენტზე, რომელიც რამდენიმე თვის განმავლობაში მზადდებოდა, 10-მა ქართველმა და 6-მა უცხოელმა სპეციალისტმა ერთობლივად იმუშავა.

"ემპათიის" ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ აუცილებელია დროული დიაგნოსტიკა ქიმიური შენაერთებისა და რადიაქტიური ნივთიერებების მიმართულებით, ვინაიდან ინტოქსიკაციის ალბათობის გათვალისწინებით, მათი თქმით, მოსალოდნელია პაციენტის კომა და სიკვდილი. ექიმები ფიქრობენ, რომ დასმულ დიაგნოზებთან პატიმრობა უკვე შეუსაბამოა, მიხეილ სააკაშვილს საქართველოში ვეღარ უმკურნალებენ და აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა.

ოჯახისთვის ყოფილი პრეზიდენტის მოწამვლის ვერსია დამაჯერებელია და ეჭვი აქვთ, რომ ამის უკან, შესაძლოა, უცხო ქვეყნის სპეცსამსახურები იდგნენ. ამ თემაზე საგანგებო მიმართვა გიული ალასანიამ შვილის პალატაში მონახულების შემდეგ გააკეთა. მოუწოდა ყველას, რომ თავი შეიკავონ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით მანიპულირებისა და ამ თემის ვიწროპარტიული ინტერესებით გამოყენებისგან.

სანამ "ემპათიის" დასკვნას ექიმები ნაწილობრივ გაასაჯაროებდნენ, ამ დოკუმენტის საფუძველზე მომზადებული ორი შუამდგომლობა სააკაშვილის ინტერესების დამცველმა პირველი ინსტანციის სასმართლოს უკვე წარუდგინა. შალვა ხაჭაპურიძე მიიჩნევს, რომ დასმული დიაგნოზები პატიმრობიდან გათავისუფლების წინაპირობა უნდა გახდეს, ან მსჯავრდებულს სასჯელი გადაუვადდეს. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის საკითხზე მსჯელობა მოსამართლეს, სავარაუდოდ, ერთ კვირაში მოუწევს.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრებისთვის ცენტრ "ემპათიის" დასკვნა კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა და მისი საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო. მმართველ გუნდში კი ფიქრობენ, რომ ის, რაც მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტად აზიანებს, ამ საკითხის პოლიტიზებაა, ამბობენ, რომ არავითარი პოლიტიკური ბარიერი არ იქნება, თუკი მოსამართლე მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის უფლებას მისცემს.

მიხეილ სააკაშვილის ოჯახი და მისი თანაგუნდელები ახლა მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინში არიან. სხდომის გამართვის ზუსტი თარიღი ჯერ უცნობია.

დღის ამბები