29 იანვარი 2023,   16:41
ვრცლად
30 ათასი დოლარი კომპანიას, რომელიც სააკაშვილის ჰუმანიტარული მისიით ქვეყნიდან გაყვანას შეეცდება - რატომ უარყოფს გიული ალასანია, რომ ოჯახმა ლობისტური კომპანია დაიქირავა

საერთაშორისო ლობისტური კომპანია "გლობალ ფოინთი", კლიენტი - გიული ალასანია, პირი, ვისი ინტერესებიც უნდა დაიცვან - მიხეილ სააკაშვილი. "კურიერმა" დღეს ექსკლუზიურად მოიპოვა ხელშეკრულება, რომელიც სააკაშვილის ოჯახმა ამერიკულ კომპანიასთან გააფორმა და რომლის მთავარი დანიშნულება მსჯავრდებული და ბრალდებული ექსპრეზიდენტის საზღვარგარეთ გადასაყვანად კამპანიის წარმოებაა.

საერთაშორისო მასშტაბის პიარის ასაგორებლად "გლობალ ფოინთს" დოკუმენტით 30 ათასი დოლარი სჭირდება, თუმცა ამას ემატება ანაზღაურება საათში 400 დოლარი და სხვა არაერთი, მათ შორის, საადვოკატო ხარჯებები.

ლობისტური კომპანიის დაქირავებას კატეგორიულად უარყოფს სააკაშვილის დედა და კონტრაქტზე ხელმომწერი გიული ალასანია. ის მხოლოდ იურიდიული კომპანიის მომსახურებაზე საუბრობს, რომელსაც მისივე განმარტებით ჯერ მუშაობაც კი არ დაუწყია, თუმცა 15 ათასი კომპანიის ანგარიშზე უკვე ჩარიცხულია.

გიული ალასანია ირწმუნება, რომ "გლობალ ფოინთის" მეშვეობით ქვეყანაში ცნობილი ექიმების შემოყვანა უნდა მოხდეს. სხვა ეჭვები აქვს მმართველ პარტიას.
ოცნება, რომელმაც ეს ინფორმაცია პირველად გუშინ ღამის კურიერში გააჟღერა აცხადებს, რომ პაირ ლობისტების დაქირავების მიზანი: სააკაშვილის ჯანმრთელობით მანიპულირება და მისთვის სასჯელის თავიდან არიდებაა.

გიული ალასანიამ დაადასტურა, რომ პიარ-კომპანია "გლობალ ფოინთთან" თანამშრომლობას ხელი მოაწერა. ოჯახი ფიქრობს, რომ ორგანიზაცია, რომელიც ლობისტური საქმიანობითაა დაკავებული, საერთაშორისო საზოგადოებას დაარწმუნებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ექსპრეზიდენტის დედამ დღეს ისიც თქვა, რომ პიარ-სპეციალისტები, რეალურად, ადვოკატირებით იქნებიან დაკავებულები.

უცხოურ კომპანიასთან კავშირის შესახებ არაფერი იცოდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა. შალვა ხაჭაპურიძის განმარტებით, დამატებითი სახის მომსახურების შეძენა სააკაშვილის ოჯახის პრეროგატივაა. შესაბამისად, ის ინტერესების დამცველთან შეთანხმებული არ ყოფილა.

"გლობალ ფოინთთან" გაფორმებულ კონტრაქტზე მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ექსკლუზიურად "ღამის კურიერში" ისაუბრა. მამუკა მდინარაძემ და მისმა თანაგუნდელებმა დღეს კიდევ ერთხელ თქვეს, რომ ეს ფაქტი სააკაშვილის რეალურ მიზანს ააშკარავებს. მმართველი გუნდის აზრით, ყოფილი პრეზიდენტის სურვილი სასჯელის მოხდისგან თავის არიდება და ქვეყანაში დესტრუქციული ფონის შექმნის მორიგი მცდელობაა.

რატომ დასჭირდა მიხეილ სააკაშვილს უცხოური პიარ-სპეციალისტების ჯგუფის დაქირავება ექიმების ნაცვლად - ამ კითხვაზე პასუხი "ნაციონალურ მოძრაობაში" არ აქვთ. სააკაშვილის დაფუძნებულ პარტიაში, სადაც ახლა შიდასაარჩევნო დაპირისპირებაა, ამბობენ, რომ ექსპრეზიდენტის პრობლემებს საერთაშორისო ასპარეზზე სწორედ საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტები სჭირდება.

ლობისტების დაქირავებას არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოყვა სხვა ოპოზიციურ პარტიებში. ნაწილს სჯერა, რომ სააკაშვილის მდგომარეობას პიარ-სპეციალისტები გააუმჯობესებენ. მეორე ნაწილი კი "გლობალ ფოინთის" მისიას, იმ ცრუ ინფორმაციით გამოწვეული განწყობების განეიტრალებაში ხედავს, რომელიც მათი აზრით, უკვე ერთი წელია მისი მომხრეების მიერ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობასთან დაკავშირდებით ვრცელდება.

პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე საუბრის დროს "ქართული ოცნების" ლიდერებმა დღეს საზოგადოებას კვლავ ის საქმეები შეახსენეს, რის გამოც ყოფილი პრეზიდენტი მსჯავრდებულია. პოლიტიკოსების აზრით, სააკაშვილის მიმართ ემპათიის გაჩენისა და ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებასთან დაკავშირებით მოლოდინი უსაფუძვლოა.

ლობისტურ კომპანია "გლობალ ფოინთთან" კონტრაქტის გაფორმების შესახებ ცნობილი, ღამის კურიერის ეთერიდან გახდა. სააკაშვილების ოჯახი პიარ-კონსულტანტებს 30 ათას დოლარს გადაუხდის - მიზანი პატიმარი ექს-პრეზიდენტის ჰუმანიტარული მისიით საზღვარგარეთ გადაყვანისთვის შესაბამისი საინფორმაციო ფონის შექმნაა.

დღის ამბები