09 თებერვალი 2023,   00:21
ვრცლად
განადგურებული ინფრასტრუქტურა, გათბობის და სინათლის გარეშე დარჩენილი უკრაინა- ოკუპანტებმა ბოლო 24 საათში 7 დასახლება დაბომბეს

რაც უფრო მეტ დახმარებას ჰპირდება დასავლეთი უკრაინას, მით უფრო მეტ დარტყმას იღებს ქვეყანა. იმ დროს, როდესაც ბუქარესტში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნები უკრაინის ენერგოკრიზისის დაძლევის გზებზე მსჯელობდნენ, მოსკოვმა ზაპოროჟიეს ოლქში ბუნებრივი აირის გამანაწილებელი პუნქტი დაბომბა, შესაბამისად, გათბობის გარეშე დარჩენილი ადამიანების სტატისტიკა ქვეყანაში კიდევ უფრო გაიზარდა.

სარაკეტო დარტყმის ქვეშ აღმოჩნდა ნიკოპოლი, ხერსონი და დონეცკის ოლქიც, სადაც ბოლო 24 საათში 7 დასახლება დაბომბეს, თუმცა ვალში არც უკრაინული არმია დარჩა. კიევმა საზღვართან მდებარე ორი რუსული ოლქი დაბომბა, მათ შორის უკრაინული რაკეტები მოხვდა ბრიანსკის ოლქში მდებარე ნავთობის საცავს და კურსკის ენერგოსადგურს.

ომის 280-ე დღეს კი დაღუპულების სტატისტიკა ორივე მხარეს იზრდება. პრეზიდენტ ზელენსკის პროგნოზით წლის ბოლომდე რუსული არმიის დანაკარგი 100 ათას ჯარისკაცს მიაღწევს. უკრაინული არმიის ანალოგიურ დანაკარგზე საუბრობს ევროპული კომისიის პრეზიდენტი. ურუსლა ფონ დერ ლაიენის თქმით, ომმა 100 ათას უკრაინელ სამხედროსთან ერთად 20 ათასი მშვიდობიანი მოქალაქის სიცოცხლეც შეიწირა.

რამდენიმე საათში კი ევროკომისიის პრეზიდენტის განცხადების ეს ნაწილი მისი "ტვიტერის" ოფიციალური გვერდიდან წაიშალა და მხოლოდ ის ნაწილი დარჩა, სადაც ურსულა ფონ დერ ლაიენი უკრაინის ეკონომიკურ ზარალსა და რუსეთის გასასამართლებლად სპეციალური სასამართლოს შექმნაზე საუბრობს, თუმცა მანამდე შესაძლოა კრემლის მესვეურებს სასამართლო იმ ჯარისკაცების დედებმა მოუწყონ, რომელთა შვილები უკვე თვეებია ტყვეობაში არიან.

რუსი დედები არ ერიდებიან ვიდეომიმართვების გავრცელებასაც. "ეს ჩემი შვილია, მე ის მჭირდება, მაგრამ ის არ სჭირდება პუტინსა და შოიგუს, ჩვენ რა საქონლები ვართ"-აცხადებს ერთ-ერთი რუსი ჯარისკაცის დედა, რომელსაც შვილის ადგილსამყოფელი არა რუსულმა გენერალიტეტმა არამედ უკრაინის უშიშროებამ შეატყობინა.

3 უპილოტო საფრენი აპარატი, 12 ტანკი, 2 საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და საბრძოლო მასალის 3 საცავი. დონეცკის ოლქში საოკუპაციო ძალას მნიშვნელოვანი დანაკარგი ცოცხალი ძალის კუთხითაც აქვს. ოპერატიული ინფორმაციის თანახმად, მხოლოდ მიმდინარე კვირას, ოკუპირებული ტერიტორიების საავადმყოფოებში 800-მდე დაჭრილი რუსი სამხედრო გადაიყვანეს.

ოკუპანტის გეგმები კიევს საკმაოდ ძვირად უჯდება. ევროპელი პოლიტიკოსების გათვლებით 24 თებერვლის ინტერვენციის დაწყებიდან დღემდე უკრაინისთვის ინფრასტრუქტურისთვის მიყენებული ზარალი 600 მილიარდ ევროს აღემატება. საუბარია ათობით ათას განადგურებულ სახლზე, სკოლასა თუ ამბულატორიაზე.

 

დღის ამბები