07 თებერვალი 2023,   12:24
ვრცლად
რატომ გაიმეტა ყოფილმა ქმარმა ახალგაზრდა ქალი ცოცხლად დასაწვავად  - რა ვერსიები ვრცელდება თერჯოლაში მომხდარ ფემიციდთან დაკავშირებით

თერჯოლაში მომხდარი ფემიციდის უმძიმესი ფაქტის შესახებ ახალი დეტალები ხდება ცნობილი. უშედეგო შერიგების მცდელობების შემდეგ ყოფილმა ქმარმა ორი შვილის დედა ცოცხლად დაწვა. მამაკაცმა, ბენზინით სავსე ბოთლი, 38 წლის ქალს სუპერმარკეტში, მის სამუშაო კაბინეტში ესროლა და ცეცხლი წაუკიდა. 

აფეთქების სიძლიერეს შემთხვევის ადგილზე დარჩენილი კვალი ნათლად აღწერს. თვითმხილველების მონაყოლით ირკვევა, რომ ლეონიდე ზვიადაძე ყოფილი მეუღლის სამუშაო ადგილზე, მაღაზია "მაგნიტში" მივიდა, საწვავით სავსე ბოთლი ესროლა და ცეცხლმოკიდებული ოთახში გამოკეტა. შემთხვევის დროს თავადაც დაშავდა, თუმცა გარეთ გამოსვლა მოასწრო, ქალი კი ადგილზე დაიღუპა.

ქალის სასტიკი მკვლელობის ერთადერთ ვერსიად ამ ეტაპზე შურისძიება განიხილება. ოფიციალურად დასტურდება, რომ ლეონიდე ზვიადაძეს ყოფილ ცოლთან კონფლიქტის გამო შემაკავებელი ორდერიც ჰქონდა გამოწერილი, თუმცა მისი მოქმედების ვადა უკვე გასული იყო. ყოფილ მეუღლეებს შორის კონფლიქტს ადასტურებს ბრალდებულის დედაც. მსხვერპლი ქალის ოჯახის წევრები კი მედიასთან ჯერჯერობით არ საუბრობენ.

აფეთქების და ბენზინის აალების შემდეგ თამილა ლილუაშვილი ადგილზე დაიღუპა. ლეონიდე ზვიადაძე ჯერ თერჯოლის, შემდეგ ქუთაისის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

მკურნალობის პროცესის დასრულების შემდეგ იქნება სამართლებრივი პროცედურები და უმძიმესი მუხლით წარსადგენი ბრალი - დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობა ოჯახის წევრის მიმართ. ამ ამბავს ყავს კიდევ ორი მსხვერპლი, რომლებიც მძიმე ფსიქოლოგიური ტრავმებით მშობლების გარეშე რჩებიან. 38 წლის თამილა ლილუაშვილს, რომელიც ფემიციდის კიდევ ერთი მსხვერპლია, ორი არასრულწლოვანი შვილი დარჩა.

 

დღის ამბები