07 თებერვალი 2023,   12:11
ვრცლად
"ქალი დაცული უნდა იყოს ძალადობისგან ყველგან" - თბილისში აქცია მიმდინარეობს, ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება

ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საქართველოც უერთდება. ქალი დაცული უნდა იყოს ძალადობისგან ყველგან - ამ ლოზუნგით აქცია ამ წუთებში პირველი რესპუბლიკის მოედანზე იწყება.

მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ქალთა მხარდაჭერის მიზნით მსვლელობას აწყობენ, რომელიც პარლამენტთან დასრულდება.

აქციაზე შეკრებილები ითხოვენ, კიდევ უფრო გამკაცრდეს სასჯელი ქალთა მიმართ ძალადობაზე. მათივე განცხადებით, აუცილებელია საკანონმდებლო დონეზე მოხდეს ცვლილება, რათა სტატისტიკა შემცირდეს. 

მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები აქციის დასრულების შემდეგ სიმბოლური პერფორმანსის მოწყობას გეგმავენ. 

"ქალებსაც აქვთ უფლება თქვან არა - ამის გამო მათზე არ უნდა ძალადობდნენ და მათ არ უნდა კლავდნენ. სერიოზული სოციალური და მენტალიტეტის პრობლემა გვაქვს ჩვენ და ამას სულ სხვანაირი მიდგომა სჭირდება. კანონი მნიშვნელოვანია, მაგრამ მას აღსრულება სჭირდება,"- აცხადებს კავშირ ”საფარის” აღმასრულებელი დირექტორი ბაია პატარაია. 

დღის ამბები