29 იანვარი 2023,   16:37
ვრცლად
ფემიციდის უმძიმესი შემთხვევა - ვინ არის მამაკაცი, რომელმაც ყოფილ მეუღლეს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა

ფემიციდის შემთხვევა თერჯოლაში - მამაკაცმა ყოფილ ცოლს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ადგილზე გარდაიცვალა, მამაკაცმა დაზიანებები მიიღო. მას სხეულის 60%-მდე დამწვრობა აქვს მიღებული და მძიმე მდგომარეობაშია.

ბრალდებულის ვინაობა ცნობილია - ლეონიდე ზვიადაძე, ეს არის 40 წლის ასაკის მამაკაცი, რომელიც პოლიციელების მეთვალყურეობის ქვეშ, ექიმებთან ერთად ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება. მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაბამისი იქნება, გაგრძელდება მისი გამოკითხვის პროცესიც, საგამოძიებო მოქმედებები და გამოიკვლევენ სხვა მტკიცებულებებსაც.

მამაკაცს შემაკავებელი ორდერი ჰქონდა გამოწერილი, წარსულში ყოფილ მეუღლესთან კონფლიქტის გამო. ადგილობრივები ყვებიან, რომ ყოფილმა ქმარმა ეს შურისძიების მიზნით ჩაიდინა.

ადგილობრივების განცხადებით, დახურულ სივრცეში მოხდა აფეთქება, საწვავით სავსე ბოთლი აალდა, რის შემდეგაც აფეთქების ტალღამ თავად შენობის ფასადის დაზიანებაც გამოიწვია.

"იყო აფეთქების ხმა, გადმოვიხედე და იყო ასეთი ამბავი, კაცი ეგდო ძირს, კარებს ვეღარ აღებდნენ, დაღუპული იყო გოგო," – ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სამედიცინო ცენტრის "იმერმედი" დირექტორი ამბობს, რომ მამაკაცის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ის გამთენიისას, ოჯახის წევრების მოთხოვნით, ქუთაისის დამწვრობის ცენტრში გადაიყვანეს.

"თავიდანვე იყო ძალიან მძიმე მდგომარეობა, დაახლოებით 70%-იის ფარგლებში დამწვრობა. ყველა ღონისძიება ჩაუტარდა, რეანიმაციულ განყოფილებაში მოთავსდა, გადაყვანილ იქნა მართვით სუნთქვაზე, შემდეგ ოჯახის წევრების მოთხოვნით და სურვილით, გადაყვანილ იქნა დილის 5 საათისთვის ქუთაისში, დამწვრობის ცენტრი. პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმე იყო," - ამბობს დავით სარიშვილი.

გამოძიება 11 პრიმა 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ოჯახის წევრის მიმართ განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დღის ამბები