29 ნოემბერი 2022,   17:51
ვრცლად
მე მეფეს გავაშიშვლებ და ვინ არის ეს მეფე ამას ჩემი ნამუშევრით გაიგებენ - ნიკო კვარაცხელიას დედამ გიორგი კავილაძეს სიტყვა გააწყვეტინა

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. მსჯავრდებულ გიორგი კავილაძეს სიტყვა მოკლულის დედამ შეაწყვეტინა, იზა ომაძემ მისი განცხადებები გააპროტესტა.

ნიკო კვარაცხელიას დედა აცხადებს, რომ "მეფეს გააშიშვლებს".

"დღეს მე ვიხილე დანიშნული მკვლელი და ვეკითხები სახელმწიფოს, ვინ არის გიორგი კავილაძე?! ადამიანი, რომელიც მომზადებული იყო იმისთვის, რომ თითქოს ნიკო კვარაცხელიამ თავისი თავი თვითონ მოიკლა, ფაქტობრივად დღევანდელ პროცესზე მან ეს დააფიქსირა.მე მეფეს გავაშიშვლებ და ვინ არის ეს მეფე, ამას ჩემი ნამუშევრით გაიგებენ,"-აცხადებს იზა ომაძე.

ამასთან, ადვოკატი გიორგი ტურაზაშვილი ამბობს, რომ მოსამართლეს სამართლიანი დამოკიდებულება არ ჰქონდა, თუმცა ეს გარემოებები არ გამხდარა მიზეზი, რომ ადვოკატს აცილება მოეთხოვა. 

"ეს არის ჩვეულებრივი გარემოება, რომელიც სასამართლო წესით უნდა დამაგრებული, ამაზე სამწუხაროდ მოსამართლემ გვითხრა უარი. აცილების საფუძველი არ შემქმნია, მაგრამ არ არის სამართლიანი დამოკიდებულება. არა იმიტომ, რომ ბრალდების მხარე დაკმაყოფილდა მხოლოდ. იმიტომ, რომ სწორედ ახალი მტკიცებულება და ფაქტებია, ზემდგომი ინსტანცია გახლავთ და დიდი რესურსი არ დაიხარჯებოდა მის გამოკვლევაში. არ მოგვეცა საშუალება გამოგვეკვლია ეს,"-აცხადებს გიორგი ტურაზაშვილი.

რაც შეეხება სახელმწიფო ბრალმდებლის პოზიციას. გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, დაცვის მხარის შუამდგომლობა იყო დაუსაბუთებელი და  შესაბამისად არც დაკმაყოფილდა. 

"ფაქტობრივად დღეს სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის დაუსაბუთებელი შუამდგომლობა და შესაბამისად არ დაკმაყოფილდა დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის დაკითხვა. ვინაიდან ეს იყო დაუსაბუთებელი, რადგან  დაცვის მხარისთვის აღნიშნული მოწმის შესახებ ცნობილი იყო ჯერ კიდევ გამოძიების ეტაპზე და მათ არ მოახდინეს მისი გამოკითხვა და წარმოდგენა,"-აცხადებს გიორგი შაიშმელაშვილი.

დღეს დაცვის მხარემ სარჩელი წარადგინა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაზე. ბრალდება აპირებს შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს ახალ მტკიცებულებებზე, მათ შორის ექსპერტიზის შედეგებზე.

დღის ამბები