29 ნოემბერი 2022,   19:15
ვრცლად
საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა - საპარლამენტო დელეგაცია შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით ესპანეთში შეხვედრებს მართავს

საპარლამენტო დელეგაციას შალვა პაპუაშვილის ხელმძღვანელობით დღეს, შეხვედრები ესპანეთის კონგრესში ჰქონდა, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი შეხვედრები საგარეო და ევროპის საქმეთა კომიტეტებში გაიმართა. სწორედ ესპანეთის ეს ორი კომიტეტი განსაზღვრავს ქვეყნის საგარეო კურსს და იძლევა რეკომენდაციებს რომელ ქვეყნებს დაუჭიროს ესპანეთმა მხარი.

ესპანეთის პარლამენტში განხილვის მთავარი თემა საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაა. ქართულმა დელეგაციამ ესპანელ კოლეგებს დეტალურად მიაწოდა ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს ბრიუსელის 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესი. მადრიდის პოზიცია მნიშვნელოვანია, რადგან მომავალ წელს ის შვედეთისგან ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის სტატუსს იბარებს.

ყველა შეხვედრა დატვირთულია ერთი თემით - საქართველოს ევროპული მომავლის მხარდაჭერა, - ამბობს პარლამენტის თავმჯდომარე.

შალვა პაპუაშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ესპანელი კოლეგები, როგორც სენატიდან, ასევე დეპუტატთა კონგრესიდან სრულად უჭერენ მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ასევე, ცნობილი გახდა, რომ იანვარში თბილისში სენატის საგარეო კომიტეტის დეპუტატები ჩამოვლენ.

"ყველა ეს შეხვედრა არის დატვირთული ერთი თემით, ეს არის საქართველოს ევროპული მომავლის ხელშეწყობა, ეს არის მთლიანად ესპანეთის პარლამენტის დამოკიდებულება საქართველოს მიმართ და ჩვენ ეს რა თქმა უნდა პოზიტიურ განწყობაზე გვაყენებს. გამომდინარე იქიდან, რომ ესპანეთს ზოგადად მნიშვნელოვანი როლი აქვს ევროკავშირში, გარდა ამისა ის მომავალ წელს გახდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, ამიტომ ვფიქრობ, ეს მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ჩვენ ვნახეთ რომ სენატმა სულ ახლახან, 3 კვირის წინ მიიღო რეზოლუცია, რომელსაც მხარს უჭერს და მოუწოდებს ევროკავშირს, რომ მიიღოს გაწევრიანების მიიღოს პოზიტიური გადაწყვეტილებები საქართველოს მიმართ," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დეპუტატთა კონგრესის პრეზიდენტთან და ასევე საგარეო და ევროპის საქმეების კომიტეტების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აფასებენ ქართულ დელეგაციაში.

"მოქალაქეების" წევრი, ლევან იოსელიანი აღნიშნავს, რომ იმისთვის, რათა საქართველომ რაც შეიძლება მალე მიიღოს კანდიდატის სტატუსი, დეპუტატების ასეთი აქტიურობა არის ძალიან მნიშვნელოვანი.

"კონგრესშიც, ისევე როგორც სენატში, განწყობა არის ძალიან დადებითი და მნიშვნელოვანია საერთო გზავნილი, რაც მოგვაქვს საქართველოდან, რომ საქართველოში ოპოზიციაც, ისევე როგორც მმართველი პარტია, ყველანი ერთად ვითხოვთ, რომ საქართველოს მიენიჭოს დამსახურებული კანდიდატის სტატუსი," - აცხადებს იოსელიანი.

პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარის, დავით სონღულაშვილის თქმით ესპანეთი უპირობოდ მხარს უჭერს ჩვენს ქვეყანას ევროპული ინტეგრაციის გზაზე.

"მოგეხსენებათ, რომ კონგრესი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უწყება, რომელიც ესპანეთის სამეფოს საგარეო პოლიტიკას განსაზღვრავს, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ სწორად ჰქონდეთ მიწოდებული ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია საქართველოს პროგრესის შესახებ, რომელიც ქვეყანას გააჩნია. ესპანეთის განწყობა არის ცალსახად პოზიტიური ჩვენი ქვეყნის მიმართ, მხარდამჭერი და რა თქმა უნდა მათი უპირობო მხარდაჭერა იქნება ჩვენი ქვეყნის მიმართ ევროპული ინტეგრაციის გზაზე," - განაცხადა სონღულაშვილმა.

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბექა ოდიშარია აცხადებს, რომ ესპანელმა კოლეგებმა ქართულ დელეგაციას ყველა პლატფორმაზე საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერა აღუთქვეს.

"პარლამენტის თავმჯდომარემ დეტალურად გააცნო მათ ინფორმაცია 12 პუნქტიანი გეგმის შესრულების შესახებ. დეტალებში ჩაერთნენ ჩვენი კოლეგები, იმის შესახებ თუ რა პროცესები მიმდინარეობს საქართველოში. მათ აღგვითქვეს ჩვენ ყველგან, ყველა პლატფორმაზე დახმარება იმასთან დაკავშირებით რომ ჩვენი ევროპული მისწრაფებები რაც შეიძლება მალე დაკმაყოფილდეს," - ამბობს ოდიშარია.

დღის ბოლოს დაგეგმილია დელეგაციის შეხვედრა ესპანეთში მცხოვრებ ქართველებთან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სამუშაო ვიზიტი ესპანეთის სამეფოში ხვალ დასრულდება და დელეგაცია მადრიდიდან უკვე ლისაბონში გაემგზავრება.

დღის ამბები