29 ნოემბერი 2022,   19:47
ვრცლად
ვლადიმერ პუტინი, რომელმაც დღეს მოლდოვა და უკრაინა ჩააბნელა, ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამიტს ესწრება

ვლადიმერ პუტინი, რომელმაც დღეს მოლდოვა და უკრაინა ჩააბნელა, ერევანში კოლექტიური უსაფრთხოების ორგანიზაციის სამიტს ესწრება.

ერევანში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვიც ჩავიდა. ის მონაწილეობას კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ოდეკაბე) საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სესიაში მიიღებს.

ლავროვს აეროპორტში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დახვდა. გარდა ამისა, "ოდეკაბეს" სამიტის ფარგლებში, ერევანში ჩავიდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი ნიკოლაი პატრუშევიც.

ცნობისთვის, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის სამიტი სომხეთის დედაქალაქში დღეს გაიმართება. აღნიშნული ორგანიზაციის წევრები არიან : რუსეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი. 2022 წელს, ორგანიზაციის თავმჯდომარე ქვეყანა სომხეთია. შემდეგ წელს, თავმჯდომარეობას ბელარუსი გადაიბარებს.

მასპინძელი სტუმრებს თბილად დახვდა, თუმცა იმედგაცრუება არ დაუმალავს. "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციამ" ერევანს იმედები არ გაუმართლა, ამიტომ "ოდეკაბეს" ლიდერების შეხვედრის გახსნაზე თავმჯდომარემ სათქმელი მაინც თქვა. ეს იმის მიუხედავად, რომ სომხეთში სტუმრად მყოფი ვლადიმერ პუტინი ორგანიზაციის შიდა პრობლემების კამერებთან განხილვის მომხრე არ ყოფილა.

ის, რაც ფაშინიანმა დიპლომატიურად თქვა, უფრო ხისტად ითქვა ერევნის ქუჩებში დღესაც და გუშინ, როდესაც დაგეგმილი სესიების ანონსისთანავე, საპროტესტო აქციები გაიმართა. ადრესატი ერთის მხრივ თავად "ოდეკაბეა", მეორეს მხრივ კი პირადად პუტინი. დომინირებდა უკრაინის თემაც, თუმცა სომხების გაღიზიანების მთავარი მიზეზი მაინც მთიანი ყარაბაღის კონფლიქტში მოსკოვის პოზიცია იყო, რომელმაც აზერბაიჯანთან და მის მოკავშირე თურქეთთან დაპირისპირება არ ისურვა და შედეგად ერევანი ომში ძლიერი ზურგის გარეშე დატოვა.

სავარაუდოდ, სწორედ ამ განწყობების გამო ჩათვალეს ორგანიზაციაში, რომ საჭირო იყო სომხეთისთვის მხარდაჭერის აღმოჩენაზე ხაზგასმა. გენ-მდივნისგან ამ კუთხით ჯერ მხოლოდ ანონსი გაჟღერდა, კონკრეტიკის გარეშე. არავინ იცის რა იგულისხმება ერევნის დახმარებაში. კონკრეტიკა ჯერ-ჯერობით მხოლოდ იმ ნაწილში ისმის, სადაც თანამედროვე სამხედრო-პოლიტიკურ გარემოში,ორგანიზაცია სამხედრო შემადგენლის გაძლიერების აუცილებლობაზე საუბრობს.

ორგანიზაციის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის გაღრმავებას აანონსებს რუსეთის პრეზიდენტი,რომელიც ჯერ-ჯერობით ჟურნალისტებთან არ გამოჩენილა, თუმცა სომხური მედია წერს, რომ საუბრისას მან ყარაბაღის კონფლიქტთან დაკავშირებით კომპრომისებისთვის არსებულ კარგ საფუძვლებზე ისაუბრა.

საგულისხმოა, რომ ერევანში გაფრენის წინ ის აზერბაიჯანელ ლიდერს ესაუბრა.

დღის ამბები