29 ნოემბერი 2022,   19:12
ვრცლად
ევროკავშირის გაფართოების სტრატეგია - სტრასბურგი საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივისადმი ღია მხარდაჭერასკიდევ ერთხელ აფიქსირებს

პოლიტიკური ამოცანები და ინსტიტუციური რეფორმები - ეს საკითხები ევროპარლამენტარებმა ევროკავშირის გაფართოების ახალ სტრატეგიად დაასახელეს.

დოკუმენტზე მსჯელობის დროს, ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა გაფართოების პოლიტიკა მკაცრი, მაგრამ სამართლიანი პირობებით, მიღწევებზე დაფუძნებული პრინციპით უნდა განამტკიცოს.

ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივისადმი ღია მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირეს ევროპელმა კანონმდებლებმა. მათ შორის იყო ტონინო პიცულა, რომელიც ევროკავშირის გაფართოების ახალი სტრატეგიის მომხსენებელია. ევროპარლამენტარმა გამოსვლაში აღნიშნა, რომ საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარება ძლიერი პოლიტიკური მხარდაჭერის ნიშანია.
 
ევროკავშირს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის უფრო მეტი დახმარების გაწევისკენ მოუწოდა ლიუდას მაჟილისმა. ევროპარლამენტარის განცხადებით კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოლდოვასა და უკრაინისთვის დადებითი ნაბიჯია და საქართველოსაც მკაფიო პერსპექტივა უნდა მიეცეს.

ევროპარლამენტარები მარინა კალიურანდი და ანდრიუს კუბლიუსი მიიჩნევენ, რომ გაფართოება ევროკავშირის ყველაზე მძლავრი და წარმატებული საგარეო პოლიტიკური ინსტრუმენტია, რომელიც დინამიურ გზაზე უნდა დაბრუნდეს.

ევროპარლამენტარების განცხადებით, იმისთვის რომ გაერთიანებამ სანდოობა და თანმიმდევრულობა შეინარჩუნოს, ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი გაფართოების პოლიტიკის გარდაქმნა, არსებული ჩიხის და ამ მიმართულებით გარკვეული პოლიტიკური გადაღლილობის დაძლევაა.

დღის ამბები