09 თებერვალი 2023,   12:59
ვრცლად
5 დეპუტატი და 9 ექსპერტი - "ხალხის ძალას" ახალი წევრები შეემატნენ

"ხალხის ძალას" ახალი წევრები შეემატნენ. მმართველი პარტია დატოვა და მოძრაობას შეუერთდა "ქართული ოცნების" 5 წევრი, პარლამენტის დეპუტატები ეკა სეფაშვილი, ვიქტორ ჯაფარიძე, დავით კაჭარავა, დაჩი ბერაია და ზაალ მიქელაძე. ამის შესახებ დღევანდელ ბრიფინგზე მოძრაობის წევრმა სოზარ სუბარმა განაცხადა. მისი თქმით, მოძრაობა "ხალხის ძალა" საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნება წარმოდგენილი, რაც ნიშნავს, რომ საკანონმდებლო ორგანოში მათ რიცხოვნობით მესამე პოლიტიკური ჯგუფი ეყოლებათ.

ასევე მოძრაობა "ხალხის ძალას" შეუერთდნენ ექსპერტები თამთა მეგრელიშვილი, ზურაბ ქადაგიძე, დავით ქართველიშვილი, თამარ ჩიბურდანიძე, ნუკრი შოშიაშვილი, ოთარ ჭულუხაძე, ნიკა ქობულაძე და იოანე შაიშმელაშვილი.

ბრიფინგზე სოზარ სუბარმა საზოგადოებას აცნობა, რომ მათი მოძრაობის წევრმა, ვიქტორ ჯაფარიძემ "პოსტ TV" წილის 52 % შეიძინა, რაც მისი თქმით პოლიტიკურ ჯგუფს ხელს შეუწყობს, რომ საზოგადოებამდე სათქმელი კიდევ უფრო ფართოდ მიიტანონ.

"ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა მოძრაობის მიზნებსა და გეგმებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ხალხის ძალა იმ საგანგებო გამომწვევებზე საპასუხოდ შეიქმნა, რომელიც საქართველოს წინაშე დგას:

"რამდენიმე თვის წინ ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა ხალხის ძალა, იმ საგანგებო გამოწვევებზე საპასუხოდ, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა დღესაც დგას. ვფიქრობთ პირველი ეტაპის ამოცანები ჩვენმა მოძრაობამ წარმატებით შეასრულა და დღეს საზოგადოება ბევრად უკეთ არის ინფორმირებული იმ მოვლენების შესახებ, რომელიც ჩვენი ქვეყნის გარშემო ვითარდება, თუმცა საფრთხეები ჯერ კიდევ არ არის სრულად განეიტრალებული, რაც ჩვენ განსაკუთრებულ სიფრთხილეს და ყურადღებას მოითხოვს. ღრმად გვწამს რომ რეგიონში მიმდინარე მოვლენების ფონზე ჩვენი ქვეყნისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია შენარჩუნდეს მშვიდობა რაც საქართველოსთვის სტაბილური განვითარების პერსპექტივის შენარჩუნების აუცილებელი პირობაა. ჩვენი საზოგადოებისთვის ასევე პრინციპულად მნიშვნელოვანია დაიცვას ის ღირებულებები, რომელსაც ევროპული ცივილიზაცია ეფუძნება და რომელიც ქართული ტრადიციების განუყოფელი ნაწილია," - განაცხადა სოზარ სუბარმა.

მოძრაობის ახალმა წევრებმა იმ მიზეზებზე ისაუბრეს, რის გამოც ისინი ხალხის ძალას შეუერთდნენ:

მშვიდობის შენარჩუნებას ასახელებს პოლიტიკური არჩევანის მთავარ მიზეზად დეპუტატი ეკა სეფაშვილი და აცხადებს, რომ ის "ხალხის ძალის" სტრატეგიის სისწორეში დარწმუნდა.

ექსპერტი და ამჟამად უკვე მოძრაობის ახალი წევრი თამთა მეგრელიშვილი "პოლიტიკური ძალის" მიერ ქართული ღირებულებებისა და ქართული პოლიტიკური საჭიროებებისთვის მუშაობაზე ამახვილებს ყურადღებას და იმედი აქვს რომ ახალ ძალასთან ერთად ამ საქმეში თავისი წვლილის შეტანას შეძლებს.

 

დღის ამბები