29 ნოემბერი 2022,   18:40
ვრცლად
" მთავარი არის ის, რომ იზრდება პოლიციელების შრომის ანაზღაურება" - შსს-ს დაფინანსება იზრდება, რას მოხმარდება გამოყოფილი თანხა

შსს-ს დაფინანსება იზრდება , როგორია უწყების პრიორიტეტები, რას მოხმარდება გამოყოფილი თანხა - გადაცემა PS-ის ეთერში მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა, რომ  აქამდე ამ მასშტაბის ბიუჯეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონია.

"მთავარი არის ის რომ, ქვეყანაში გატარებულმა სწორმა ეკონომიკურმა პოლიტიკამ მოგვცა იმის საშუალება, რომ ზოგადად, გაიზარდა მთლიანი შიდა პროდუქტი ქვეყანაში, რამაც მოგვცა, საბოლოო ჯამში, ბიუჯეტის ზრდის შესაძლებლობა, 2023 წლიდან იზრდება შინაგან საქმეთა სამინისტროს დაფინანსება და მილიარდ ლარს გადააჭარბებს პირველად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, აქამდე ამ მასშტაბის ბიუჯეტი შინაგან საქმეთა სამინისტროს არ ჰქონია.

უპირველესი,რაზეც ეს თანხები დაიხარჯება ეს არის პოლიციელთა ანაზღაურების ზრდა და უპრეცედენტოა, რომ 20%-ით იზრდება ჩვენი პოლიციელების ხელფასები და 2023 წლიდან ისინი 20%-ით გაზრდილ ხელფასს აიღებენ, ეს იმ ფონზე როდესაც გასულ წელს 10%-ით უკვე გაზრდილი იყო ჩვენი პოლიციელების ხელფასები.

გარდა პოლიციელებისა, ზოგადად, სხვა ძალოვანი უწყების თანამშრომლების ხელფასებიც იზრდება, ასევე, საჯარო მოხელეების ხელფასებიც იზრდება, რაც ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია.

გარდა ამისა, ჩვენ ვგეგმავთ სამი ახალი ვერტმფრენის შეძენას, რაც, ბუნებრივია, პოლიციის  საჭიროებებს მოხმარდება, ბუნებრივია, როგორც სასაზღვრო პოლიციის, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, ასევე, 30 ახალი სახანძრო-სამაშველო ტექნიკის შესყიდვა მოხდება მომდევნო წელს და ეს  ტყის ხანძრების ბოლო პერიოდის სტატისტიკამ და იმ მდგომარეობამ გვაჩვენა, რომ აუცილებელია თანამედროვე, ჩვენს პირობებზე მორგებული ტექნიკის შეძენა.

ასევე, ეტაპობრივად გაგრძელდება სპეციალური დანიშნულების ძალებისთვის საყაზარმე და სხვა ინფრასტრუქტურის მშენებლობა, პოლიციის შენობების რემონტი, ავტომობილების შეძენა, შეიარაღების განახლება და ასე შემდეგ, მაგრამ მთავარი არის ის, რომ იზრდება პოლიციელების შრომის ანაზღაურება,"- განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.

დღის ამბები