29 ნოემბერი 2022,   18:08
ვრცლად
ოძისში, საოკუპაციო ხაზთან ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაციის წევრები ჩავიდნენ

საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას უცხოელი პოლიტიკოსები ეცნობიან. ამჯერად ოძისში საოკუპაციო ხაზთან ლიეტუვის საპარლამენტო დელეგაციის წევრები ჩავიდნენ. მათ შორის იყვნენ ლიეტუვის სეიმის უსაფრთხოებისა და თავდაცვის კომიტეტის წევრები.

დელეგაციას საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია მასპინძლობდა.

ამასთან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა, ლიეტუველ კანონმდებლებს ოკუპირებულ რეგიონებში უსაფრთხოების კუთხით არსებულ ვითარებასა და საოკუპაციო ძალების მიერ გატარებულ ქმედებებზე მიაწოდა ინფორმაცია.

"საოკუპაციო ხაზი მოინახულა ლიეტუვას საპარლამენტო დელეგაციამ, რომელსაც ხელმძღვანელობს ლიეტუვას სეიმის თავდაცვის და ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე. მათ ჰქონდათ შესაძლებლობა ადგილზე საკუთარი თვალით ენახათ თუ როგორი არის რუსული ოკუპაცია, როგორია ოკუპაციის მძიმე შედეგები.

ძალიან კარგად დაინახეს საკუთარი თვალით თუ როგორი არის დღეს საქართველოსთვის ისევე როგორც არასდროს მშვიდობის მნიშვნელობა, როგორი არის დღეს პროვოკაციების და ნებისმიერი სახის ესკალაციის თავიდან აცილების მნიშვნელობა და ასევე თუ რაოდენ აუცილებელია საქართველოსთვის უსაფრთხოების მყარი გარანტიების უზრუნველყოფა. აუცილებელი არის, რომ ალიანსის მოკავშირეებმა მიიღონ გონივრული გაბედული გადაწყვეტილება გადადგან ქმედითი ნაბიჯები საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარების თვალსაზრისით, ისევე როგორც საერთაშორისო საზოგადოებამ კიდევ უფრო გაზარდოს ზეწოლა რუსეთის ფედერაციაზე საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დეოკუპაციის მიზნით," - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია.

დღის ამბები