27 ნოემბერი 2022,   02:08
ვრცლად
პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი, დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე დღეს მოწმის სტატუსით გამოიკითხა

პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი დავით გარეჯის საქმეზე მიმდინარე სასამართლო სხდომაზე დღეს მოწმის სტატუსით გამოიკითხა, მან სააკაშვილთან ერთად ნინო კალანდაძის განცხადებაც გაიხსენა. სასულიერო პირს კითხვები დაცვისა და ბრალდების მხარეებმა დაუსვეს. აჩვენეს 1996 წლის და 2006 წლის რუკები.

როგორც დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა სასამართლოზე აღნიშნა, დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის განცხადება ორაზროვანი იყო.

დღესვე გამოიკითხება საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილი თანამშრომელი მამუკა ბალავაძე.

სასულიერო პირმა დღეს სასამართლო სხდომაზე რამდენიმე მიმართულებით ისაუბრა, განსაკუთრებული აქცენტი კი გააკეთა იმ განცხადებებზე, რომელიც წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით კეთდებოდა. გარდა ამისა, დღეს დეკანოზმა ერთმანეთს შეადარა 1996 წლისა და 2006 წლის რუკები. 2006 წლის რუკაზე არის ივერი მელაშვილის ხელმოწერა და მისი თქმით, აღნიშნული რუკა აცნობებს სწორედ საზოგადოებას, რომ არის საქართველოს საწინააღმდეგოდ მიღებული გადაწყვეტილებები.

"საზღვარს უნდა გაევლო ბევრად იქეთ, ვიდრე დღეს არის საზღვარი გავლებული. ჩვენ სწორედ აქ გვაქვს შეკითხვები. ძიებაც სწორედ ამას ედავება, რომ მათი მონაწილეობით არის სწორედ ამ დოკუმენტზე ხელმოწერა გაკეთებული. 200 მეტრი არის დატოვებული და საზღვარი ისევ იმ ხაზის გასწვრივ მიდის. ხო არასწორად არის გამოტანილი ის საზღვარი, ხომ უნდა მომხდარიყო სწორად, ცოტა უფრო ქვემოთ ამ საზღვრის გაყვანა, რომ ეს ძეგლები ქართულ მხარეს აღმოჩენილიყო?! თუ 1996-ში ასე იყო, 2006 წელში რა შეიცვალა, რატომ გაიარა იქ საზღვარმა?" - განაცხადა დეკანოზმა და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმამამა მიქაელ ბოტკოველმა.

სხდომა საქალაქო სასამართლოში სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. დღეს ასევე გამოიკითხა ბრალდების მხარის კიდევ ერთი მოწმე. საუბარი არის საგარეო საქმეთა სამინისტროს ყოფილ თანამშრომელზე, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, მონაწილეობდა იმ ორ შეხვედრაში, რომელზეც საქართველოს საზიანო გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. აღნიშნულ მოწმეს დღეს სასამართლოსთვის კონკრეტული რაიმე სახის ინფორმაცია არ მიუწოდებია და მას მედიასთანაც განმარტება არ გაუკეთებია.

რაც შეეხება 1996 წლისა და 2006 წლის რუკების შედარებას, რაზეც სასულიერო პირი საუბრობდა და იმ ხელმოწერას, რომელიც 2006 წლის რუკაზე არსებობს, როგორც ივერი მელაშვილი ამბობს, ეს იყო მუშაობის ერთგვარი ვარიანტი და ამ დოკუმენტს საბოლოო სახე არ ჰქონდა.

"შევარდნაძესა და ალიევს შორის შეთანხმების მოლაპარაკებათა პროცესი ახსენა, თუმცა ვერ გაიხსენა, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს. ასევე ახსენა მეორე, რაზედაც საუბრობდა დოკუმენტზე, ის დოკუმენტი კი არ არის, მხარეებს შორის გაცვლილი ვარიანტებია, ხელმოწერა ახსენა. ჩემი ხელმოწერა სადაც არის ისე რომ იყოს, მივესალმებოდით რა თქმა უნდა, ვინ იქნება მაგის წინააღმდეგი, მაგრამ ეს არის ქართული ვარიანტი," - განაცხადა ბრალდებულმა და სახელმწიფო საზღვრის დემილიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილმა ხელმძღვანელმა ივერი მელაშვილმა.

ივერი მელაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ გამოკითხულმა მიხეილ ბოტკოველმა რეალურ ფაქტებზე ვერ ისაუბრა.

"გამოკითხულმა მიხეილ ბოტკოველმა რეალურად ვერ ისაუბრა ფაქტებზე, ისაუბრა მხოლოდ პოზიციებზე, რომელიც შესაძლებელია გაეხმაურებინა მას და როდესაც ჩვენ ჩავეძიეთ რა კონკრეტულ ფაქტებს, მასალათა შესწავლას, გამოკვლევას, ისტორიული წყაროების გაცნობას, ქართული მასალების დამუშავებას ეყრდნობოდა მათი პოზიცია სხვადასხვა დროს დაკავშირებული 200 ათასიანი რუკების გამოყენებასთან დაკავშირებით, დაკავშირებული სახელმწიფოს სხვადასხვა თანამდებობის პირების მიერ გაკეთებული განცხადებების შეფასებასთან დაკავშირებით. მან თქვა, რომ ეს პოზიციები არის ემოციური და ემოციას ეფუძნება," - განაცხადა ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ.

პროკურორის მიხეილ სადრაძის მტკიცებით, 1996 წელს ბრალდებულებმა შეადგინეს დოკუმენტი, რომლის თანახმადაც დავით გარეჯის კომპლექსზე საზღვრის ხაზი საქართველოს პოზიციით გადიოდა.

"1996 წელს ბრალდებულებმა უშუალოდ შეადგინეს დოკუმენტი, სადაც ჩიჩხიკურის კოშკის მიმდებარედ დავით გარეჯის კომპლექსზე, მარტივად რომ ვთქვათ საზღვრის ხაზი ჩვენი პოზიციით გადიოდა მთის ქვევით და არა თხემზე, რაც ჩვენთვის იყო მომგებიანი და ეს პოზიცია შეესაბამებოდა ძირითად შემთხვევაში იმ რუკას, რომელსაც ჩვენ ვაპელირებთ, რომ მნიშვნელოვანი იყო გამოყენებულიყო. თუმცა, 2005, 2006, 2007 წლებში კომისია და ბრალდებულები შეეწინააღმდეგენ საკუთარ თავსა და საკუთარ ნახაზს იმ დოკუმენტს, რასაც თავად ადგენდნენ 96 წელს და პოზიციონირებდნენ და შეათანხმეს აბსოლუტურად სხვანაირად საქართველოს საწინააღმდეგოდ. მოწმემ ისაუბრა, რომ ეს იყო მისთვის გაუგებარი," - განაცხადა პროკურორმა.

დღის ამბები