27 ნოემბერი 2022,   01:47
ვრცლად
პარლამენტის მიერ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი ხვალიდან იწყება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს. 

როგორც განცხადებაშია აღნიშნული "საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის შესაბამისად: 2022 წლის 30 სექტემბრიდან იწყება პარლამენტის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევი კონკურსი.

განცხადების თანახმად, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია.

"საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან:

ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისაგან;

ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისაგან;

გ) საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისაგან.

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების წარდგენის უფლება აქვთ შემდეგი ორგანიზაციების კოლეგიურ ხელმძღვანელ ორგანოებს:

ა) საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება;

ბ) საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია;

გ) საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი.

არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს უფლება აქვს, წარადგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატი, თუ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

ერთი ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს  არაუმეტეს 3 კანდიდატისა.

კანდიდატების წარდგენა შესაძლებელია 2022 წლის 20 ოქტომბრის ჩათვლით.

კანდიდატურის წარდგინებას უნდა დაერთოს:

ა) სარეკომენდაციო წერილი;

ბ) კანდიდატის საქმიანი ბიოგრაფია;

გ) პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;

დ) უმაღლესი იურიდიული განათლების დამადასტურებელი საბუთის ასლი;

ე) სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილების დამადასტურებელი საბუთის ასლი;

ვ) სამართლის საკითხებზე გამოქვეყნებული შრომების ნუსხა (თუ კანდიდატს აქვს ასეთი შრომები);

ზ) კანდიდატის წერილობითი თანხმობა;

თ) თუ კანდიდატის წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირია − იმის დამადასტურებელი საბუთი, რომ კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში მისი საქმიანობის ერთ-ერთი სფერო იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში.

წარდგინება შეიტანება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე, წერილობით შემდეგ მისამართზე: ქალაქი თბილისი, რუსთაველის გამზირი №8 ან ელექტრონული ფოსტის მისამართზე: contact@parliament.ge" - ნათქვამია გავრცელებულ განცხცადებაში. 

დღის ამბები