27 ნოემბერი 2022,   03:18
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი USAID-ის საქართველოს მისიის ახალ ხელმძღვანელს ჯონ პენელს შეხვდა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს მისიის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელს, ჯონ პენელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა მიმდინარე და სამომავლო ერთობლივი პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებზე იმსჯელეს.

მინისტრმა სააგენტოს ხელმძღვანელს სოფლის მეურნეობისა და გარემოს დაცვის მიმართულებებით არსებული ვითარება გააცნო. ოთარ შამუგიამ მადლობა გადაუხადა ამერიკის მხარეს აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებებში აქტიური მხარდაჭერისთვის.

"მნიშვნელოვანი შეხვედრა გვქონდა USAID-ის საქართველოს მისიის ხელმძღვანელთან. აშშ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი და მხარდამჭერია. წლებია, სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით, ერთობლივად, არაერთ პროექტს ვახორციელებთ. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ USAID-ის დაფინანსებით ახალ პროექტს ვიწყებთ, რომელიც ხელს შეუწყობს შერჩეულ რეგიონებში სოფლის მეურნეობის განვითარებას და ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას," - განაცხადა ოთარ შამუგიამ.

ჯონ პენელმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ საქართველო ამერიკის სტრატეგიული პარტნიორია. სააგენტოს ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგს დიდი პოტენციალი აქვს. მხარეებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში, თხილის სექტორი საგრძნობლად ვითარდება, შესაბამისად, ამ მიმართულებით USAID-ის მხრიდან მხარდაჭერა გაგრძელდება.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო ქართული ღვინის ამერიკულ ბაზრებზე პოპულარიზაციისა და დივერსიფიკაციის საკითხს.

"ქართული ღვინო კონკურენტუნარიანია. ამერიკის ბაზარზე ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის კუთხით თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იქნება," - განაცხადა ჯონ პენელმა.

მისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ ამერიკის მთავრობის პრიორიტეტული მიმართულება გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების მაქსიმალური შემცირებაა და ქვეყანაში ჰაერის ხარისხის მონიტორინგისა და კლიმატური ცვლილებებით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემცირების მიმართულებით თანამშრომლობის სურვილი გამოთქვა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, მოადგილე ნინო თანდილაშვილი და USAID-ის ეკონომიკური გუნდის დირექტორი მარიკა ოლსონი ესწრებოდნენ.

დღის ამბები