27 ნოემბერი 2022,   03:34
ვრცლად
ბელარუსი ისეთივე საერთაშორისო კრიმინალური რეჟიმის წევრია, როგორც მოსკოვი - ევროპარლამენტარი სერგეი ლაგოდინსკი

ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს ოკუპირებულ აფხაზეთში ევროპარლამენტში აფასებენ. ევროდეპუტატების განცხადებით, ლუკაშენკო არალეგიტიმური პრეზიდენტია, თუმცა ასეთი ქმედებებისთვის, დეპუტატების ნაწილის აზრით, მის რეჟიმს სანქციები კიდევ უნდა დაემატოს.

"ჩვენ არამხოლოდ რუსეთს, არამედ ბელარუსსაც უნდა დავუწესოთ ვიზებზე შეზღუდვები, რადგან ბელარუსი უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე აგრესიის თანამონაწილეა. ჩვენ მათი სახით ვხედავთ იმპერიალისტების გაერთიანებას. ლუკაშენკო მანევრირებას ცდილობს, სურს თავისი დღის წესრიგით იხელმძღვანელოს, მაგრამ ეს მას სირთულეებს კიდევ უფრო უმატებს. ის წნეხის ქვეშ ექცევა. ჩემი აზრით, სეპარატისტულ რეგიონებში მისი ჩასვლა გარკვეულ ვაჭრობაზე მიუთითებს, რომ თავი უსაფრთხოდ იგრძნოს. ეს საერთაშორისო წესების დარღვევა. ეს ქმედება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბელარუსი ისეთივე საერთაშორისო კრიმინალური რეჟიმის წევრია, როგორც მოსკოვი. ისინი საერთო თამაშს თამაშობენ. ეს არის პროვოკაცია, რომლსაც ჩვენ 2008 წლიდან მოყოლებული ვხედავთ," - განაცხადა ევროპარლამენტის დეპუტატმა გერმანიიდან სერგეი ლაგოდინსკმა.

ევროპარლამენტარები დარწმუნებულები არიან რომ ევროკავშირი ხმას აიმაღლებს ლუკაშენკოს საშიში ნაბიჯის წინააღმდეგ

"დღეს ბატონი ლუკაშენკო რუსეთისთვის ქირურგის ფუნქციას ასრულებს. ეს აბსოლუტურად მიუღებელია. ვფიქრობ მომხდარი საფუძველს გვაძლევს მინსკს მორიგი სანქციები დავუწესოთ. ეს პრაქტიკულად ძალიან საშიში ნაბიჯია ბელარუსის რეჟიმისგან, რაც გულისხმობს აღმოსავლეთ ევროპაში პუტინის ომის მხარდაჭერას და საგარეო პოლიტიკაში ინტერვენციას, კერძოდ, სამხრეთ კავკასიაში. დარწმუნებული ვარ ევროკავშირი ხმას აიმაღლებს ამ ძალიან დელიკატურ საკითხზე," - აღნიშნა ევროპარლამენტის დეპუტატმა პოლონეთიდან რიშარდ ჩარნეცკმა.

დღის ამბები