05 ოქტომბერი 2022,   12:32
ვრცლად
პრემიერ - მინისტრი გაეროს ასამბლეაზე - ირაკლი ღარიბაშვილი სიტყვით გამოსვლის დროს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრებს

საქართველოს პრემიერ მინისტრი გაეროს 77-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლის დროს სამშვიდობო სამეზობლო პოლიტიკაზე ისაუბრებს. გამოსვლა ნიუ - იორკში უკვე რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს.

უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებები, მსოფლიო და რეგიონული უსაფრთხოება, ენერგოკრიზისი და შვეიცარიის, როგორც დამოუკიდებელი მედიატორის როლი საქართველო-რუსეთის ურთიერთობებში - ეს თემები იყო განხილული შვეიცარიის კონფედერაციის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე.

აუდიენციის დროს ასევე ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის, სხვადასხვა სფეროში არსებულ წარმატებულ თანამშრომლობაზე და პარტნიორობის სამომავლოდ გაღრმავებაზე. ორი ქვეყნის ლიდერმა შეხვედრა სოციალური ქსელის საშუალებით შეაფასა.

გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველს და საგარეო საქმეთა მინისტრსაც შეხვდა. ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია, შესაბამისად შეხვედრაზე პოლიტიკური-ეკონომიკური მიმართულებით ნაყოფიერი თანამშრომლობა, ერთ-ერთი მთავარი განსახილველი საკითხი იყო. მხარეები მიესალმნენ ჩინეთსა და საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების საიუბილეო თარიღს - 30 წლისთავს და გამოთქვეს მზადყოფნა, ხელი შეუწყონ ქვეყნებს შორის უკვე არსებული მეგობრული კავშირების უფრო გაღრმავებას.

მთავრობის ხელმძღვანელის პარალელურად, შეხვედრებს მართავს კოლეგებთან ილია დარჩიაშვილიც, რომელიც ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისთვის უკვე ესაუბრა პოლონეთის, სლოვაკეთისა და ლუქსემბურგის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ილია დარჩიაშვილს, ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდმაც უმასპინძლა. ქართველი დიპლომატი აფასებს ვაშინგტონის ინტერესს, რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიმართულებით.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით შეხვედრებს ქართული დელეგაციის წევრები გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში მართავენ. პლენარული სესია 21 სექტემბერს გაიხსნა. მსოფლიო ლიდერების ნაწილმა უმაღლესი ტრიბუნა უკვე გამოიყენეს და რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდეს ომის შეწყვეტისკენ. დელეგატებს ვიდეო მიმართვით, უკრაინაში მშვიდობის მიღწევისთვის 5 პუნქტიანი ფორმულა წარუდგინა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტისა და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მთავარ პრიორიტეტად რჩება.

ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესია მეორე დღეა მიმდინარეობს. დისკუსიების ფოკუსშია რამდენიმე მსოფლიო მნიშვნელობის პრობლემა - ომი უკრაინაში, კლიმატური ცვლილებები და ბირთვული განიარაღების საკითხი. გენერალურმა მდივანმა ანტონიუ გუტიერეშმა თქვა, რომ ასამბლეა ტარდება უდიდესი საფრთხის დროს, როცა მსოფლიოში ომი მძვინვარებს, კლიმატური ქაოსი და სიღარიბეა. ამ ფონზე, მსოფლიო ლიდერები მშვიდობის შენარჩუნების და გლობალური კატასტროფების შესაჩერებლად, ახალი დღის წესრიგის შედგენას ცდილობენ.

 

 

დღის ამბები