05 ოქტომბერი 2022,   03:59
ვრცლად
"ორესტი" ცოცხალია და ოჯახთან კავშირზე გამოვიდა - სად იმყოფება "აზოველი" ჯარისკაცი, რომელსაც "აზოვსტალის თვალებს" უწოდებენ

მარიუპოლის მცველი, "აზოველი" დმიტრი კაზაცკი (საძახისი "ორესტი"), რომელიც "აზოვსტალის" ცნობილი ფოტოების ავტორია, ცოცხალია და 2 აგვისტოს ოჯახთან კავშირზე გამოვიდა - ინფორმაცია  უკრაინულ მედიას დმიტრი კაზაცკის დამ მიაწოდა. მისი თქმით, როგორც მისმა ძმამ უთხრა, ის ამჟამად დროებით ოკუპირებულ დონეცკის რეგიონში იმყოფება და ჯანმრთელადაა. სატელეფონო  საუბრის დროს მას თან ახლდა ე.წ "გამომძიებელი".

"მე მას ვესაუბრებოდი, ვეუბნებოდი რომ ძალიან მიყვარს. მან თქვა, რომ მასაც და ტირილი დაიწყო. მეც ავტირდი,"- ამბობს დარია. მისი თქმით, ეს ამ ომის ერთ-ერთი ყველაზე ცუდი მომენტი იყო, რადგამ მისი ძმა ძალიან ძლიერია და ეს მისთვის ძალიან მძიმე იყო.

დმიტრი კაზაცკი მარიუპოლის დამცველთა პოლკის პრესსამსახურის ხელმძღვანელი იყო. ის არის "აზოვსტალის" ქარხნის საველე ჰოსპიტალში დაჭრილი ჯარისკაცების კადრების ავტორი, რომლებიც მთელ მსოფლიოში გავრცელდა. მას "აზოვსტალის თვალებს" უწოდებდნენ. სწორედ კაზაცკიმ გაავრცელა "აზოვსტალის" ბოლო დღის ამსახველი კადრებიც.

თუმცა მხოლოდ ფოტოგრაფია არაა ის სფერო, რომლითაც "ორესტი"  საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. დმიტრი კაზაცკი იყო ის ჯარისკაცი, რომელიც "აზოვსტალის" სარდაფში, ჭურვების აფეთქების ხმების ფონზე ასრულებდა ევროვიზიაზე გამარჯვებულ სიმღერას - "სტეფანიას". ვიდეოს სოციალურ ქსელში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.

იგი 26 წლისაა, დაბადებულია ჟიტომირის რეგიონში ქალაქ მალინში. 2014 წელს იყო "ღირსების რევოლუციის" მონაწილე, 2015 წელს კი უკრაინის ეროვნულ გვარდიას შეუერთდა, შემდეგ გადავიდა მარიუპოლის დამცველთა პოლკში. 

"ორესტის" შესაძლო დაღუპვაზე უკრაინულ ტელეგრამარხებზე არაოფიციალური ინფორმაცია მას შემდეგ გავრცელდა, რაც ოკუპირებულ ოლენოვკაში, კოლონიის იმ შენობაში, რომელშიც უკრაინელი სამხედრო ტყვეები, მათ შორის, "აზოველები" იმყოფებოდნენ, 28 ივლისს, ღამით აფეთქება მოხდა. დაიღუპა 50-მდე და დაიჭრა ათეულობით სამხედრო ტყვე. უკრაინული მხარის განცხადებით, კოლონია რუსმა ოკუპანტებმა სამხედრო დანაშაულის დაფარვის მიზნით ააფეთქეს. კოლონიის დაბომბვაში უკრაინულ მხარეს ადანაშაულებს რუსული მხარე, თუმცა ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც დაფუძნებულია ადგილზე გადაღებული ფოტოებისა და ვიდეოების, ასევე აფეთქებამდე და მის შემდეგ გადაღებული სატელიტური ფოტოების ანალიზზე, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტებისა და შეიარაღების ექსპერტების მოსაზრებებზე, მივიდა დასკვნამდე, რომ დიდი ალბათობით მომხდარის რუსული ვერსია გამოგონილია.

"აზოვის" პოლკი და უკრაინის შეიარაღებული ძალების სხვა დანაყოფები, მარიუპოლს ომის დაწყების დღიდან იცავდნენ, თუმცა ძლიერი ბლოკადისა და გარე დახმარების სრული შეწყვეტის პირობებში, მათი მდგომარეობა ბოლო პერიოდში განსაკუთრებით დამძიმდა. 17 მაისს, უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ "აზოვსტალის" ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაციის დაწყების შესახებ გამოაცხადა. ამის შემდეგ, "აზოვის" მეთაურმა დენის პროკოპენკომ ("რედის") განაცხადა, რომ  ასრულებს უმაღლესი სამხედრო სარდლობის დამტკიცებულ გადაწყვეტილებას გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სიცოცხლის გადარჩენისა და ქალაქის თავდაცვის შეჩერებასთან დაკავშირებით.  ამის შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა "აზოვსტალის" ტერიტორია ეტაპობრივად დატოვეს. ისინი ამჟამად სავარაუდოდ რუსეთის მიერ ოკუპირებული დონეცკის ტერიტორიაზე ტყვეობაში იმყოფებიან. მათი ნაწილი, რამდენიმე ათეული ჯარისკაცი,რომლებიც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდნენ, რუს სამხედრო ტყვეებში გაიცვალა. "აზოვის" პოლკის მეთაურობა  ტყვეობაში სავარაუდოდ რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფება.

დღის ამბები