05 ოქტომბერი 2022,   13:21
ვრცლად
უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი ჩავიდნენ - ერდოღანთან და გუტიერეშთან ზელენსკიმ ორმხრივი შეხვედრები გამართა

ომის დაწყებიდან 176-ე დღეს უკრაინაში თურქეთის პრეზიდენტი და გაეროს გენერალური მდივანი ჩავიდნენ. ქალაქ ლვოვში მყოფ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან და ანტონ გუტიერეშთან ვოლოდიმირ ზელენსკიმ ორმხრივი შეხვედრები გამართა. ამის შემდეგ კი ლიდერებმა ომის დიპლომატიური გზით დასრულებაზე იმსჯელეს.

პოლონეთის საზღვართან მდებარე ქალაქში პრეზიდენტთან ერთად თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და ეროვნული სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელი ჩავიდნენ. ლვოვში იმყოფება თურქეთის თავდაცვის მინისტრიც, რომელიც უკრაინელ კოლეგას პირისპირ შეხვდა. მედიის ინფორმაციით, მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე იმსჯელეს.

მაშინ როდესაც ლვოვში ჩასული მსოფლიო ლიდერები რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების პერსპექტივაზე საუბრობდნენ, საოკუპაციო ძალები ხარკივს ბომბავდნენ. ქალაქის ცენტრალურ უბანზე თავდასხმას 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. არიან დაშავებულები.

13 დაღუპული, 20-ზე მეტი დაშავებული, ნანგრევებში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოქალაქეები - ასე გათენდა ომის 176-ე დღე ხარკივის ოლქში. რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ჩრდილოეთ სალტოვკის საცხოვრებელ უბანზე სარაკეტო იერიში განახორციელეს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ 5 მშვიდობიან მოქალაქეს ამ დრომდე ეძებენ. უკრაინაში გლოვა გამოცხადდა.

რუსეთის სამხედრო ძალებს სარაკეტო იერიშები დნეპროპეტროვსკის, მოკოლაივისსუმისა და დონეცკის დასახლებულ რაიონებზეც მიაქვთ. რუსული ძალების მიერ განხორციელებულ თავდასხმას დონეცკის ოლქში 3 მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, 6 კი დაშავდა. ერთი ადამიანი დაიღუპა დნეპროპეტროვსკში აფეთქების შედეგად. ვითარება რთულია ზაპოროჟიეშიც, რადგან უკრაინული მხარის ინფორმაციით, ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორია რუსულმა ძალებმა დღეს კიდევ ერთხელ დაბომბა.

ბრძოლა გრძელდება დონბასში. უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა იქ რუსული ძალების შეტევა ბევრი მიმართულებით მოიგერიეს.

დღის ამბები