05 ოქტომბერი 2022,   13:49
ვრცლად
წყლის პრობლემა რუსთავში - ქალაქში წყალი, ხშირად, რამდენიმე დღით წყდება, რას ამბობენ მერიაში

რუსთავში წყალმომარაგება დღემდე პრობლემაა. მოსახლეობა ამბობს, რომ შესაძლებელია, წყალი, გადაბმულად, რამდენიმე დღე არ მოვიდეს. პრობლემა განსაკუთრებით მწვავდება ზაფხულში, როცა მომარაგებული წყალი საკმარისი არ არის. ამ დროს რუსთავის მოსახლეობის ერთადერთი ხსნა წყლის მაღაზიაში შეძენაა. რუსთაველები ამბობენ, რომ წყალმომარაგების კომპანიას მათთვის წყლის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნაც ავიწყდება.

წყლის მიწოდების პრობლემა რომ რუსთაველების მთავარი გამოწვევაა, ამაზე მერიაშიც საუბრობენ. ქალაქის მერი "რუსთავის წყალს" კიდევ ერთხელ შეახსენებს, რომ ქალაქის სასმელი წყლით მომარაგების ვალდებულებას ვერ ასრულებს და იმ გეგმის წარდგენას სთხოვს, რომლის მიხედვითაც ვითარება უნდა გამოსწორდეს. აქამდე მერიამ კომპანიას რამდენიმეჯერ მიმართა, თუმცა მდგომარეობა არ გამოსწორებულა და მოსახლეობას სასმელი წყალი დღესაც არ მიეწოდება.

რუსთავის საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ოფიციალურად უკვე მიმართა.ნინო ლაცაბიძის თქმით, მისი მთავარი მოთხოვნაა, რომ რუსთავის მოსახლეობას სასმელი წყალი სისტემატურად, 12 და ზოგჯერ 24 საათით არ უნდა ეზღუდებოდეს, განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში, როდესაც ტემპერატურა მაქსიმალურ ნიშნულამდეა.

რუსთაველებისთვის წლების გადაუჭრელ პრობლემასთან დაკავშირებით, სემეკი საჯარო მოსმენასა და საკითხის განხილვას უახლეს პერიოდში გეგმავს. პასუხისმგებელ კომპანიას, კომისიის გადაწყვეტილებით, შესაბამისი სარეაბილიტაციო პროექტების განხორციელება დაევალება. რუსთაველები იტოვებენ იმედს, რომ წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემა მალე მოგვარდება და ყოველდღიურად, წყლის ყიდვა აღარ მოუწევთ.

დღის ამბები