05 ოქტომბერი 2022,   03:21
ვრცლად
თაღლითობაში მხილებული დიზაინერი - დაზარალებულთათვის მიყენებული ზარალი 78 546 ლარს შეადგენს

"რემონტი მელაძესთან ერთად", "მელაძის ინტერიერი" - ავეჯის დამზადების ცნობილ ქართულ კომპანიას სერიოზული პრობლემები აქვს.

ანა რუსიანი ”მელაძე ინტერიერის” პიარ მენეჯერზე და კომპანიის სახეზე, ვაჟა მელაძეზე საუბრობს და ამბობს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს, თაღლითია. ანას და მის ოჯახს უკვე დაზარალებულის სტატუსი აქვს. მათ საგამოძიებო უწყებას მას შედეგ მიმართეს, რაც 25 000 ლარი მელაძის მეუღლის სახელზე რეგისტრირებულ კომპანიაში გადარიცხეს და მომსახურება ვერ მიიღეს.

ირკვევა, რომ შპს მელაძე მომხმარებელთან აფორმებს ხელშეკრულებას, რომელიც ავეჯის ღირებულების ჯერ 70%-ს იხდის, შეკვეთის ჩაბარებამდე 10 დღით ადრე კი, მითითებულ ანგარიშზე თანხა სრულად უნდა გადაირიცხოს. ასე მოხდა ანა რუსიანისა და მისი მეუღლის შემთხვევაშიც, მაგრამ ოჯახს შეკვეთილი ავეჯი არავინ დაუმზადა.

ანა რუსიანისა და მისი მეუღლის გარდა, დაზარალებულის სტატუსი მთავარმა საგამოძიებო უწყებამ 10-მდე პირს მიანიჭა. რუსიანისგან განსხვავებით, მათ კონტრაქტი არა "შპს მელაძესთან", არამედ "მელაძე 2021-თან" გააფორმეს. გამოძიების მიხედვით, ეს მელაძის შვილობილი კომპანიაა, რომელის 100%-ს როლანდ ლუკაშვილი ფლობს. სწორედ ლუკაშვილი აფორმებდა კონტრაქტებს პირობების არშესრულების შემდეგ. იგი კლიენტებს უხსნიდა, რომ პასუხისმგებელი პირი ვაჟა მელაძე იყო, თავად კი კომპანიას ფორმალურად ფლობდა. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მელაძესთან და მის შვილობილ კომპანიებში ხშირი იყო საკადრო ცვლილებები, მაგრამ ჩვენებებში თანამშრომლები ადასტურებენ, რომ ყველა გადაწყვეტილებას მხოლოდ ვაჟა მელაძე იღებდა. გამოძიების დაწყების შედეგ, სოცილურ ქსელში არაერთმა მომხმარებელმა დაწერა, რომ დაზარალებულთა რიცხვი გაცილებით დიდია.

ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს თავად "შპს მელაძის" წარმომადგენელი ვაჟა მელაძე. შპს ბაზარზე, მელაძე ინტერიერის სახელით ფუნქციონირებს და რეგისტრირებულია მისი მეუღლის ლელა ქვილითაიას სახელზე. თავად მელაძე დოკუმენტებში არსად ფიგურირებს. ის ამბობს, რომ დაზარალებულებს კონტრაქტები "შპს მელაძე 2021-თან" აქვთ გაფორმებული, რომელიც მასთან კავშირში არ არის და ამ კომპანიასთან უბრალოდ თანამშრომლობა აკავშირებდა. ბრალდებული ვაჟა მელაძე პასუხისმგებლობას როლანდ ლუკაშვილს აკისრებს და ამბობს, რომ თანამშრომლობა "შპს მელაძე 2021-თან" შეწყვეტილია.

მთავარ საგამოძიებო უწყებაში ამბობენ, რომ თანხის გადარიცხვები მოწმდება საბანკო ამონაწერებისა და მოწმეთა ჩვენებების მიერ. საქმის მასალებში ყოფილი დირექტორების ჩვენებებიც დევს, რომლებიც ამბობენ რომ ორივე კომპანიაზე პასუხისმგებელი ვაჟა მელაძეა, რომელსაც მთავარმა პროკურატურამ ბრალი თაღლითობის მუხლით უკვე წარუდგინა. ვაჟა მელაძის წინააღმდგ ჩვენება უკვე მისცა ”მელაძე 2021"-ის დამფუძნებელმა და დირექტორმა როლანდ ლუკაშვილმა.

დაზარალებულებისთვის მიყენებული ზარალი, 78 546 ლარს შეადგენს. მთავარმა პროკურატურამ უკვე გამოითხოვა ინფორმაცია საბანკო ანგარიშების შესახებ, რომელმაც უნდა დაადასტუროს კავშირი "შპს მელაძესა" და "მელაძე 2021-ს" შორის. მონაცემები დამუშავების პროცესშია.

დღის ამბები