05 ოქტომბერი 2022,   13:07
ვრცლად
ხვიჩა კვარაცხელიას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ - იტალიელები ქართველი ტალანტის გუშინდელი თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავენ

ახალი ვარსკვლავი დაიბადა, ქართველი მესი - ასეთი შეფასებები იტალიურ მედიაში ხვიჩა კვარაცხელიაზე უკვე მეორე დღეა კეთდება. იტალიელები ქართველი ტალანტის გუშინდელი თამაშით აღფრთოვანებას ვერ მალავენ და მას უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ფეხბურთის გულშემატკივარს შეუმჩნეველი არ დარჩენია გოლის შემდეგ კვარაცხელიას ჟესტიც, რომლითაც მან მოწინააღმდეგეს ღამე მშვიდობისა უსურვა.

37-ე წუთი, მომენტი, რომელსაც ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებით ელოდა. "სერია ა"-ში ხვიჩა კვარაცხელიას პირველი გოლი და აღნიშვნა სტეფ კარის სტილში. კვარაცხელიამ სადებიუტო შეხვედრაში მოედანზე 68 წუთი გაატარა, ამ დროის განმავლობაში მან გოლთან ერთად საგოლე გადაცემაც მიითვალა. კვარადონამ, როგორც მას "ნაპოლის" ფანები ეძახიან, ლობოტკას შემდეგ გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

მატჩის შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე ნაპოლის მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ მოპოვებულ გამარჯვებაზე და ქართველი შემტევის შთამბეჭდავ დებიუტზე ისაუბრა.

2017-2018 წლებში ხვიჩა კვარაცხელია თბილისის "დინამოში" ცნობილი ქართველი ფეხბურთელისა და მწვრთნელის კახა კაჭარავას ხელმძღვანელობით ვარჯიშობდა. კახა კაჭარავა ამბობს, რომ კვარაცხელია ყოველთვის გამოირჩეოდა განსაკუთრებული შესაძლებლობებით, ის დარწმუნებულია რომ "სერია ა"-ში ფეხბურთელის პროგრესი გაგრძელდება.

ხვიჩა კვარაცხელია, კახა კალაძის და ლევან მჭედლიძის შემდეგ, მესამე ქართველია, ვინც "სერია ა"-ში გოლი გაიტანა. 21 წლის შემდეგ პირველად, ქართველმა ფეხბურთელმა "სერია ა"-ს ერთ თამაშში გოლს პლუს პასი მიითვალა - 2001 წლის აპრილში ეს კახა კალაძემ "უდინეზესთან" მატჩში შეძლო.

კვლავ პარალელი დიეგო არმანდო მარადონსათან, ლეგენდარული სამხრეთ ამერიკელის დებიუტი "ნაპოლიში" 1984 წელს "ჰელას ვერონასთან" შედგა, გუნდთან, რომელსაც მარადონასგან განსხვავებით ქართველმა ფეხბურთელმა პირველივე შეხვედრაში გოლი გაუტანა.

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები