29 სექტემბერი 2022,   17:53
ვრცლად
ბრალდება ფიზიკური თავდასხმის 4 ეპიზოდზე და ვიდეო-აუდიო ჩანაწერები - ნიკა ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე სასამართლოში 5 საათის განმავლობაში იკითხებოდა

ცნობილი ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის და მისი ყოფილი მეუღლის სასამართლო დავა გრძელდება. დღევანდელ სხდომაზე დაზარალებულის სტატუსით ხუთი საათის განმავლობაში აძლევდა ჩვენებას ნეკა დოროყაშვილი

მან ისაუბრა ძალადობის ფაქტებზე, მათ შორის ფიზიკური თავდასხმის 4 ბრალდებაზე, რომელსაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა აბსურდული უწოდა და თქვა, რომ მისი მხრიდან ძალადობას ადგილი არ ჰქონია. ჩოგბურთელი პროცესს თვალს დისტანციურად ადევნებდა. სხდომაზე ის ვიდეომტკიცებულებებიც გამოიკვლიეს, რაც პროკურატურას ჰქონდა წარდგენილი. მათ შორის არის ნიუ-იორკის სასტუმროში გადაღებული ვიდეო, სადაც ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას მეუღლე ჩოგნებით სავსე ჩანთას უქნევს.

ნეკა დოროყაშვილმა ყოფილი მეუღლის მხრიდან განხორციელებული ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფაქტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ცნობილი ჩოგბურთელი მას 8 წლიანი თანაცხოვრების მანძილზე ფიზიკურად ოთხჯერ გაუსწორდა. 

ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატები დაზარალებულის ჩვენების შემდეგ ამბობენ, რომ ყველა დეტალი, რომელიც ნეკა დოროყაშვილმა სასამართლოს წინაშე თქვა, არის აბსურდული და ტყუილი, მათ გამამართლებელი განაჩენის მოლოდინი აქვთ. 

ბასილაშვილის ადვოკატის, მალხაზ სალაყაიას თქმით, მტკიცებულებები არ არის სარწმუნო და გარკვეული კადრების დემონსტრირება მოხდა, სადაც არ ჩანს, რომ ქალბატონ ნელის რაიმე ნივთი ან საგანი ხვდება.

საპირისპიროს ელოდება საქმის პროკურორი, რომელიც ამბობს, რომ დღეს გამოკვლეული მტკიცებულებები არის მხოლოდ ნაწილი და სასამართლო განხილვების განმავლობაში კიდევ არაერთ მტკიცებულებას გამოიკვლევენ, რომელიც ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან დანაშაულის ჩადენას ამტკიცებს. 

"ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ვიდეო და აუდიო ფაილებით, მათ შორის, დასტურდება ფსიქოლოგიური ძალადობის განხორციელების ფაქტი და ფიზიკური ძალადობის გარკვეული ფრაგმენტი. თუმცა, ამ ყველაფერს საბოლოო ჯამში სასამართლო მისცემს შეფასებას, მას შემდგომ რაც გამოვიკვლევთ მტკიცებულებებს. ვიდეოჩანაწერზე ჩატარებულია ექსპერტიზის დასკვნა და დადასტურებულია მისი უტყუარობა. რაც შეეხება ვიდეოჩანაწერის შინაარსს, გამოვიკვლევთ შემდეგ პროცესზე და აღნიშნულის შემდეგ უკვე სასამართლო მისცემს შეფასებას - ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით დგინდება თუ არ დგინდება ძალადობრივი ქმედების ჩადენის ფაქტი," - ამბობს პროკურორი ნათია გურული. 

ნეკა დოროყაშვილის ადვოკატის ანა თავხელიძის განცხადებით, საქმეში წარმოდგენილი ექსპერტიზის დასკვნები, აუდიო-ვიდეო ჩანაწერები და ფოტო მასალა ადასტურებს, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილ მეუღლეზე ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა სისტემატიურად ხდებოდა.

"მთავარ მტკიცებულებას წარმოადგენს დაზარალებულის ჩვენება, რომლის ნაწილიც დღეს მოისმინეთ და ასევე ხვალ იქნება ამ ჩვენების გაგრძელება. ამ ჩვენების მოსმენის შემდეგ კიდევ ერთხელ დარწმუნდება სასამართლო, რომ ნამდვილად სწორად აქვს ბრალდება წარდგენილი ნიკოლოზ ბასილაშვილს. დაზარალებულის ჩვენების გარდა, საქმეში წარდგენილია აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, ფოტო მასალა, ექსპერტიზის დასკვნები, რაც ადასტურებს, რომ სისტემატიურად ხდებოდა ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფსიქოლოგიური და ეკონომიკური ძალადობა ნელი დოროყაშვილის მიმართ, ასევე ფიზიკური ძალადობის 4 ეპიზოდი," - ამბობს დოროყაშვილის ადვოკატი.

ოჯახურ ძალადობაში ბრალდებული ცნობილი ჩოგბურთელის საქმის განხილვა სასამართლოში ხვალ განახლდება. პროცესი ხვალ 11 საათზე გაგრძელდება ნეკა დოროყაშვილის გამოკითხვით და ცნობილია, რომ მას კითხვებს დაუსვამს ნიკოლოზ ბასილაშვილიც.

დღის ამბები