29 სექტემბერი 2022,   18:02
ვრცლად
დგას თუ არა ევროპა ბირთვული კატასტროფის წინაშე - სხდომა გაეროს უშიშროების საბჭოში

ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის თემაზე, ნიუ - იორკში, გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა მოითხოვა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხელმისაწვდომობა, რათა სააგენტოს ექსპერტებმა რისკების შეფასება შეძლონ. გაეროს გენერალურმა მდივანმა მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები სადგურის სიახლოვეს -  წარადგინეს კონკრეტული წინადადებები, რომელსაც რუსეთმა წინააღმდეგობა გაუწია.

გაეროში რუსეთის ელჩი აცხადებს, რომ ზონის დემილიტარიზაცია შესაძლოა საფრთხის შემცველი იყოს, ვინაიდან მოსალოდნელია პროვოკაციები უკრაინის მხრიდან ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, რუსეთს ეშინია, რომ კიევი საკუთარ ატომურ ელექტროსადგურს დაბომბავს, რითაც საფრთხეს შეუქმნის არამხოლოდ საკუთარ მოსახლეობა, არამედ ევროპას.

"ახლა აშკარაა თუ რა ხდება - კიევის დასავლელმა სპონსორებმა გამოიგონეს თეორია, თითქოს რუსეთი საკუთარ დამცველებს ბომბავს, რომლებიც ელექტროსადგურის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ , ასევე ქალაქ ენერგო დარს. ატომური ელექტროსადგური არის სამოქალაქო ობიექტი და ამიტომაც, რუსეთი იცავს ამ ობიექტის უსაფრთხოებას, რადგან ჩვენ ვიცით რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს რადიოაქტიური მასალების გაჟონვამ. ჩვენ არ ვიყენებთ უკრაინის შეიარაღებული ძალების ტაქტიკას, რომელიც სამოქალაქო ობიექტებს სამხედრო ფარად იყენებს. ჩვენ არ გამოვრიცხავთ პროვოკაციებს და ტერორისტულ თავდასხმებს  სადგურზე, რომელიც ჩვენ უნდა დავიცვათ. უკრაინამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს მძიმე დაბომბვები ელექტროსადგურის ტერიტორიაზე", -აცხადებს რუსეთის მუდმივი წარმომადგენელი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, ვასილი ნებენზია.

სავარაუდოდ, ამ მოსაზრებას არც ატომური ენერგიის საერთაშორისო კომიტეტში იზიარებენ და ზონაში ექსპერტების დაუყოვნებლივ შესვლას ითხოვენ. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, ავარიის საფრთხე ამ წუთებში არ არის, მაგრამ სიტუაცია შესაძლოა ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს

"უკრაინის მიერ მოწოდებული უახლოესი ინფორმაციის საფუძველზე და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტების წინასწარი შეფასებით, ელექტროსადგურის ტერიტორიაზე ბოლოდროინდელი დაბომბვებისა თუ სხვა სამხედრო მოქმედების შედეგად, ბირთვულ უსაფრთხოებას ამ დროისთვის უშუალო საფრთხე არ ემუქრება, თუმცა ეს შესაძლებელია ნებისმიერ მომენტში შეიცვალოს.

ამ შეიარაღებული კონფლიქტის ორივე მხარეს ვთხოვ ითანამშრომლოს ატომური ენერგიის სააგენტოსთან და ადგილზე სააგენტოს მისიის მუშაობა, რაც შეიძლება მალე დაუშვას. დრო მნიშვნელოვანია, სააგენტომ უკრაინისგან და რუსეთისგან ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიიღო ობიექტის სტატუსისა და არსებული ზიანის შესახებ, ამიტომ  საჭიროა რისკების შეფასება. თითოეული ჩვენგანის მთავარი მიზანი, ბირთვული კატასტროფის პრევენცია უნდა იყოს",-აცხადებს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი.

ატომურ ელექტროსადგურს ოკუპანტებმა ცეცხლი 5 და 6 აგვისტოს გაუხსნეს, რის შემდეგაც სტრატეგიულ ობიექტზე კონტროლი დაამყარეს, თუმცა მისი დაბომბვა არ შეწყვიტეს და ამაზე პასუხისმგებლობას უკრაინულ მხარეს აკისრებენ. ოფიციალური კიევის ცნობით კი, სადგურის ტერიტორიაზე განთავსებულია ოკუპანტების საზენიტო სარაკეტო კომპლექსები, საიდანაც სხვადასხვა სტრატეგიულ ობიექტებს ბომბავენ, მათ შორის, ცეცხლს ხსნიან სადგურის მისამართითაც.

 

 

დღის ამბები