29 სექტემბერი 2022,   17:54
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის რეკომენდაციას გასცემს, საქართველოში აშშ-დან და შვეიცარიიდან ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა

საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, როგორც კი ჯანდაცვის სამინისტრო შესაბამის რეკომენდაციას გასცემს, საქართველოში აშშ-დან და შვეიცარიიდან ექსპერტთა ჯგუფი ჩამოვა.

როგორც მან კლინიკა "ვივამედში“ სააკაშვილის მონახულებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, უცხოელი სპეციალისტების ჩართვასთან დაკავშირებით, რეგულირების სააგენტოსთან თანამშრომლობენ. ადვოკატის თქმით, ამ ეტაპზე საკითხის ტექნიკური ნაწილია მოსაგვარებელი.

"აშშ-დან ჩამოვლენ ფსიქიატრი, ნევროლოგი და გასტროენტეროლოგი, კიდევ ერთი ექსპერტი ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი და შვეიცარიიდან სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი. შეიძლება კიდევ ვინმე დაემატოს. ჯანდაცვის სამინისტროდან არანაირი შეფერხება არ გაქვს და მინდა მათ კიდევ ერთხელ მადლობა ვუთხრა," - განაცხადა ხაჭაპურიძემ.

ექსპრეზიდენტი დღეს მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმაც მოინახულა. 

"პირველი რომ შევედი რაც დავინახე, ნუ მე ასეთი გამხდარი არასდროს მინახავს. 11 კილო მაქვს დაკლებულიო. ჩვენ არ ვართ ისეთი განვითარებული ქვეყანა, რომ ნებისმიერი დაავადების მკურნალობა ქვეყნის შიგნით იყოს შესაძლებელი, სამწუხაროდ, ჯერ არ ვართ ასე, თუმცა ქვეყანა ვითარდება, ამის უარყოფაც არ შეიძლება. ამიტომ, მე ვფიქრობ, რომ აუცილებელია მისი მკურნალობა საზღვარგარეთ. მისი ოცნებაა რომ საქართველოშიო თავისუფალი გადაადგილების უფლება ჰქონდეს და იმ ადგილებში, სადაც მას უნდა შეეძლოს მისვლა და ცხოვრება,"- აცხადებს ახალქალაქისა და კუმურდოს და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი ფაჩუაშვილი.

დღის ამბები