03 ოქტომბერი 2022,   15:06
ვრცლად
სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილებით გიორგი კალანდარიშვილის მიმართ დისკრედიტაციულ კამპანიას შეუწყო ხელი - შალვა პაპუაშვილი

პრეზიდენტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ცესკო-ს კანდიდატებთან დაკავშირებით, მმართველ გუნდში ეხმაურებიან. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა აღნიშნული გადაწყვეტილებით გიორგი კალანდარიშვილის მიმართ აგორებულ დისკრედიტაციულ კამპანიას შეუწყო ხელი.

"ცესკო-ს მოქმედ თავმჯდომარეს ჰქონდა მრავალპარტიული მხარდაჭერა პარლამენტში, თუმცა 2/3-ისთვის არ იყო ეს საკმარისი, ვინაიდან ენმ-ს ვხედავთ, რომ სხვა, რადიკალური გეგმა აქვთ სიტუაციის არევის. ყველაზე გულდასაწყვეტი არის შემდეგი, რომ ცესკო-ს თავმჯდომარემ, ადამიანმა, რომელმაც მათ შორის ამ პოზიციაზე, გამოიჩინა პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერებით თავი და რომელიც წლებია არის საჯარო სამსახურში, მის წინააღმდეგ, მათ შორის წინა არჩევნების დროს იყო პირდაპირ დისკრედიტაციული კამპანია და სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა თავისი ამ გადაწყვეტილებით ამ დისკრედიტაციულ კამპანიას შეუწყო ხელი," – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი აცხადებს, რომ მმართველ გუნდში პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს არ დაუჭერენ.

"გაურკვეველი არის მოტივაცია, რა მოტივაციითაც პრეზიდენტმა იმოქმედა ამ შემთხვევაში და იხელმძღვანელა. როგორც მისივე განცხადებიდან ჩანს, ეს არის მისი პოლიტიკური პოზიციის გამოჩენა და რეალურად პრეზიდენტს არ ევალება, მითუმეტეს ამ საკითხში, პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა. ის უნდა ყოფილიყო აბსოლუტურად მიუკერძოებელი და ობიექტურ მონაცემებზე დაყრდნობით უნდა ყოფილიყო მისი გადაწყვეტილება. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ალბათ ჩვენც გვექნება ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით და არ დავუჭერთ ამ ობიექტურად არამოტივირებულ პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს," - განმარტა ირაკლი ქადაგიშვილმა.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა ცესკოს თავმჯდომარეობის პოსტზე პარლამენტს რევაზ ეგაძის და თამარ ალფაიძის კანდიდატურები გადაუგზავნა. სალომე ზურაბიშვილმა მოქმედი თავმჯდომარის წარდგენაზე უარი თქვა. მას ვადა 15 აგვისტოს ეწურება.

დღის ამბები