17 აგვისტო 2022,   19:59
ვრცლად
20 000-მდე სოციალურად დაუცველი, რომლებმაც სამუშაო საზოგადოებრივი დასაქმების პროგრამით მიიღეს - ჯანდაცვის სამინისტროს 55 000-მდე მოქალაქემ მიმართა

დიანა პაპავა იმ 20 000-მდე ადამიანს შორისაა, რომელიც საზოგადოებრივი სამუშაოების პროგრამაში ჩაერთო. მრავალშვილიან ოჯახს, სოციალურად დაუცველისთვის განკუთვნილი დახმარების გარდა უკვე საკუთარი შემოსავალიც აქვს. ბენეფიციარები მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა სამუშაოზე თავიანთი სურვილის მიხედვით დაასაქმეს.

მარტყოფის ტყეში რეინჯერის დამხმარედ მუშაობს გოგიტა ივანაშვილი. ის ამბობს, რომ პროგრამის განხორციელების შემდეგ, მისი ოჯახის ეკონომიური მდგომარეობა გაუმჯობესდა. საზოგადოებრივი სამუშაო ისეთ ვაკანტურ ადგილზე დასაქმებას გულისხმობს, რომლის შესრულება ნებისმიერი კვალიფიკაციის მქონე პირს შეუძლია.

პროგრამამ მთელი საქართველო მოიცვა. 20 000-მდე დასაქმებული ბენეფიციარიდან 900-ზე მეტი ხელშეკრულება სოფლის მეურნეობის სამინისტროს სიპებშია გაფორმებული. მათ შორის არის ეროვნული სატყეო სააგენტოც. ბენეფიციარებს ასაქმებენ მუნიციპალურ სამსახურებსა და სამინისტროებს დაქვემდებარებულ უწყებებში. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ პროგრამა რომლის ინიციატორიც პრემიერ-მინისტრია, ევროპის ქვეყნებში არსებული პრაქტიკით გაწერეს. ზურაბ აზარაშვილის თქმით, დასაქმებულებს 4 წლის განმავლობაში, სოციალურად დაუცველის სტატუსი და დახმარება შეუნარჩუნდებათ. ასევე თუ რომელიმე პირი სადმე სხვაგან მუშაობს და თავის საქმიანობას ოფიციალურად გააფორმებს - ასეთ შემთხვევაში მას დახმარება შეუნარჩუნდება. სოციალური სტატუსის გადამოწმება კი არ მოხდება.

ჯანდაცვის სამინისტროში სოციალურად დაუცველ პირებს. განაცხადები ყოველდღიურად შეაქვთ. უწყებაში ამბობენ, რომ სხვადასხვა სამინისტროს დამატებითი სამუშაო ადგილები უკვე მობილიზებული აქვთ.

დღის ამბები