17 აგვისტო 2022,   19:55
ვრცლად
მიდგომა ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისადმი არ შეცვლილა, ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას - ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა იმედი გამოთქვა, რომ ტაივანის კუნძულზე შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ვიზიტის შემდეგ, პეკინი კრიზისულ სამხედრო მდგომარეობას არ შექმნის.

ამის შესახებ ენტონი ბლინკენმა მას შემდეგ განაცხადა, რაც წვრთნების ფარგლებში ჩინელმა სამხედროებმა ტაივანის ირგვლივ არსებული წყლების მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.

ბლინკენის თქმით, შეერთებული შტატები ერთიანი ჩინეთის პოლიტიკის ერთგული რჩება.

"ჩინეთმა ათობით ბალისტიკური რაკეტა გაუშვა ტაივანის მიმართულებით. იაპონია იტყობინება, რომ 5 რაკეტა მის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში დაეშვა, რაც მათთვის და ყველა ჩვენგანისთვის შემაშფოთებელია. ეს პროვოკაციული ქმედებები მნიშვნელოვანი ესკალაციაა. ვნახეთ, თუ როგორ ცდილობდა პეკინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ტაივანთან დაკავშირებით, სტატუს კვოს შეცვლას. ახლა მათ სახიფათო ქმედებები ახალ დონეზე გადაიყვანეს. შეერთებულმა შტატებმა თანმიმდევრულად და არაერთხელ განაცხადა, რომ არ ვცდილობთ კრიზისის გამოწვევას. ჩინეთი გადაჭარბებულად რეაგირებს და საბაბად სპიკერი პელოსის ვიზიტს იყენებს. ამის მიზანია, პროვოკაციული სამხედრო აქტივობა ტაივანის სრუტეში და მის გარშემო.

ფაქტია, რომ ნენსი პელოსის ვიზიტი მშვიდობიანი იყო. ამ უკიდურეს, არაპროპორციულ და ესკალაციურ სამხედრო პასუხს გამართლება არ აქვს. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ჩვენი მიდგომა ერთიანი ჩინეთის პოლიტიკისადმი არ შეცვლილა. ჩვენ არ ვუჭერთ მხარს ტაივანის დამოუკიდებლობას. ველით, რომ სრუტეებს შორის უთანხმოება მოგვარდება მშვიდობიანად და არა ძალის გამოყენებით," - აცხადებს ბლინკენი

 

დღის ამბები