17 აგვისტო 2022,   21:13
ვრცლად
გაიზარდა თუ არა 2022 წლის ივნის-ივლისის პერიოდში ეკონომიკური კავშირი რუსეთთან - "ოცნება" "საერთაშორისო გამჭვირვალობის" კვლევას ეკონომიკის დაზიანების მცდელობად აფასებს

საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ გამოქვეყნებული კვლევა დღეს მმართველ გუნდში შეაფასეს. ორგანიზაციის ანალიზში ვკითხულობთ, რომ 2022 წლის ივნის-ივლისის პერიოდში ქვეყნის ეკონომიკის კავშირი რუსეთთან გაიზარდა.

თუმცა, ტექსტში წერია, ისიც რომ ექსპორტი შემცირებულია, რუსი ტურისტების ხვედრითი წილი კი ქვეყანაში შემოსული ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 16 პროცენტს, წინა წლების მსგავსად, არ აღემატება. "ქართული ოცნების" ლიდერები ფიქრობენ, რომ ორგანიზაცია,ოპოზიციასთან ერთად, ქვეყნის ეკონომიკის მიზანმიმართულ დაზიანებას ცდილობს.

2019 წლის იანვარ-ივნისის პერიოდში, პანდემიამდე, საქართველოს 850 ათასზე მეტი რუსი ტურისტი ეწვია. 2022 წლის ანალოგიურ მონაკვეთში კი ვიზიტორების რაოდენობა 400 ათასია, ანუ 52.5 პროცენტით ნაკლები.

ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლების მნიშვნელობაზე დღეს ხელისუფლების ეკონომიკური გუნდის წარმომადგენლებმა ისაუბრეს. მათი თქმით, ქვეყნის ეკონომიკამ ამ კუთხით პანდემიამდე არსებული ნიშნულის 80 პროცენტის აღდგენა შეძლო, რამაც ექვს თვეში მილიარდზე მეტი დოლარის შემოსავალი მოუტანა. ტურიზმის დეპარტამენტში განმარტავენ, რომ საერთაშორისო ვიზიტორების უმრავლესობა ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაზე მოდის. რუსეთიდან შემოსულთა რაოდენობა კი შემცირებულია.

რუსეთიდან გაზრდილ გადმორიცხვებს და აქტივობას, ეკონომიკური კუთხით, ქვეყნისთვის მნიშვნელოვანს უწოდებენ ანალიტიკოსები. სპეციალისტების აზრით, სავაჭრო და საფინანსო ურთიერთობების პოლიტიზირებამ, შესაძლოა, მოსახლეობის შემოსავლებზე ნეგატიური გავლენა მოახდინოს.

ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი წილი ტურიზმიდან მიღებულ შემოსავლებზე მოდის. მიმდინარე წლის ექვს თვეში ქვეყანამ პანდემიამდე არსებული მდგომარეობის აღდგენა თითქმის უკვე მოახერხა.

დღის ამბები