17 აგვისტო 2022,   21:17
ვრცლად
უკრაინულ კანონში რაც წერია, ის არანაირ კავშირში არ არის საქართველოსთან და საქართველოს პრობლემებთან - ვახტანგ მეგრელიშვილი 

უმრავლესობის და ოპოზიციის ნაწილის ჩართულობით ევროპის 12 პუნქტის შესასრულებლად მუშაობა გრძელდება - პირველად შეიკრიბა დეოლიგარქიზაციის კანონის შემუშავებისთვის შექმნილი ჯგუფი. "ქართული ოცნების" ინიციატივაა, გაიზიარონ უკრაინის მოდელი, თუმცა როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ამ იდეას ოპოზიციის ნაწილი არ ეთანხმება.

ოპოზიციამ სამუშაო შეხვედრაზე საკუთარი ხედვა წარადგინა, რაც უკრაინულ მოდელს ეწინააღმდეგება. მათ მიაჩნიათ, რომ დეოლიგარქიზაციის კანონი საქართველოს  რეალობას უნდა ერგებოდეს.

პარტიის "საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი, ბექა ლილუაშვილი ამბობს, რომ მთავარი მიზანია სახელმწიფო  ინსტიტუტები გახდეს დამოუკიდებლები და მათი მოწყვლადობა მაქსიმალურად შემცირდეს.

"ამ პრობლემის მოგვარება ის კი არ არის, რომ ჩვენ მოვახდინოთ კონკრეტული ადამიანების ან სახელების და გვარების იზოლირება კანონის გზით და რაღაც იარლიყების მინიჭება, რომელშიც შეიძლება მოხვდნენ ისეთი ადამიანები, რომლებიც აბსოლუტურად არ არიან ოლიგარქები იმ პრობლემის გაგებით, რაც ჩვენთან არის. არამედ, ჩვენი მიზანია, სახელმწიფო ინსტიტუტები გავხადოთ და მათი მოწყვლადობა მაქსიმალურად შევამციროთ, დამოუკიდებლები გახდნენ და ამ გზით დავიცვათ სახელმწიფო ინსტიტუტები რაიმე გარე გავლენებისგან," - აცხადებს ბექა ლილუაშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "გირჩი" წევრი, ვახტანგ მეგრელიშვილი უკრაინულ მოდელს აკრიტიკებს და ამბობს, რომ ამ კანონში რაც წერია, ის არანაირ კავშირში არ არის საქართველოს პრობლემებთან.

"ზოგადად, ამ პარლამენტში კარგ და ხარისხიან კანონებს არ ვიღებთ ხოლმე, მაგრამ ასეთი იდიოტობა მე მგონი, ჩვენც კი არ გვაქვს მიღებული არასოდეს, რაც ეს უკრაინული კანონია. ამ კანონში რაც წერია, ის არანაირ კავშირში არ არის საქართველოსთან და საქართველოს პრობლემებთან. ჩვენი პრობლემა ინსტიტუციურია, არ არის ადამიანის პრობლემა. ხვალ მე რომ მოვიდე ამ ქვეყნის ხელისუფლებაში, რამდენიმე წელიწადში, ჩემს ხელში მოექცევა სრული ძალაუფლება," - აცხადებს ვახტანგ მეგრელიშვილი.

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ევროპელი სოციალისტები" თავმჯდომარე, ფრიდონ ინჯია ამბობს, რომ მათ საკუთარი პირობები აქვთ, რომლის გათვალისწინების შემთხვევაშიც პროცესში მონაწილეობას მიიღებენ.

"გადაწყვეტილება ამა თუ იმ პიროვნებაზე ოლიგარქის მინიჭების შესახებ, უკრაინული კანონით სასამართლოში მისი გასაჩივრება დაუშვებელია. ამ სახით მე არ დავუჭერ. თუ იქნება კანონი ისეთი, რომელიც მისაღები იქნება და გადაწყვეტს იმ ამოცანებს, რაც ჩვენს წინაშე დგას, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას," - აცხადებს ფრიდონ ინჯია.

დღის ამბები