17 აგვისტო 2022,   20:24
ვრცლად
ელოდება თუ არა მსოფლიო კორონავირუსის მეშვიდე ტალღას - რამდენად სწრაფად ვრცელდება საქართველოში ახალი ქვეშტამი და რა სიმპტომები ახასიათებს მას

ექიმები "ომიკრონის" შემთხვევების მატებას აგვისტოსა და სექტემბერში ელოდებიან, თუმცა ბოჭორიშვილის კლინიკის მთავარი ინფექციონისტი ამბობს, რომ დღესაც დაწესებულებაში ინფიცირებულებისთვის გამოყოფილი 30-ვე ადგილი შევსებულია. სამედიცინო დახმარება კი, ძირითადად ხანშიშესულებსა და თანმდევი ქრონიკული დაავადების მქონე პირებს სჭირდებათ. გაზრდილია მიმართვიანობა პედიატრიულ განყოფილებაშიც, საავადმყოფოში 2 წლამდე ბავშვები მაღალი ტემპერატურით და ვირუსისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა გართულებული სიმპტომებით მიჰყავთ.

ბოლო ერთ კვირაში შედარებით მომატებულია პაციენტების რიცხვი ინფექციურ საავადმყოფოშიც. კლინიკას  ვირუსით ინფიცირებულებისთვის 27 ადგილი აქვს გამოყოფილი და 12 დაკავებულია. როგორც ბოჭორიშვილის სამედიცინო დაწესებულებაში, ინფექციურშიც, ექიმების დაკვირვების ქვეშ არიან ისინი, ვისაც ვირუსმა ჯანმრთელობა სხვადასხვა თანმდევი დაავადების გამო გაურთულა.

რისკ-ჯგუფების ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნით, ვაქცინის მე-4 დოზის გამოყენების რეკომენდაცია ჯანდაცვის სამინისტრომ უკვე გასცა. მეორე "ბუსტერის" გაკეთება დაშვებულია 50 წლის ზემოთ მყოფი ყველა პირისთვის. 18-დან 49 წლამდე კი, მხოლოდ მათთვის, ვისაც თანმდევი ქრონიკული დაავადებები აქვს. "ბუსტერებს" შორის ინტერვალი 4 თვე უნდა იყოს.

ლაბორატორიული შემთხვევების მატებას, "ომიკრონის" ორი ქვე შტამის გავრცელებას უკავშირებენ. BA4 და BA, 5 წინამორბედისგან გასხვავებით, უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა ვირუსი მსუბუქად მიმდინარეობს და სიკვდილიანობის შემთხვევები ნაკლებია.

ვირუსისგან თავდაცის მექანიზმები უცვლელია. ჯანმრთელობის დაღვევის ეფექტური საშუალება ვაქცინაცია და თავშეყრის ადგილებში პირბადის გამოყენებაა.

დღის ამბები