19 აგვისტო 2022,   17:49
ვრცლად
სლავიანსკი რუსეთმა ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებით დაბომბა - არიან დაღუპულები და დაჭრილები

ომის დაწყებიდან 130-ე დღეს რუსეთმა ქალაქი სლავიანსკი ზალპური ცეცხლის სარაკეტო სისტემებით დაბომბა. არიან დაღუპულები და დაჭრილები. მათი ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია.

სლავიანსკთან ერთად, დაბომბვის ქვეშ მოყვა ქალაქი კრამატორსკიც. დონეცკის ოლქის პრესსპიკერის ინფორმაციით, ოკუპანტების თავდასხმას სულ მცირე 6 ადამიანი ემსხვერპლა.

ვითარება რთულია ხარკივის ოლქშიც, რომელსაც რუსეთი სისტემატურად ბომბავს. ბოლო 24 საათის განმავლობაში სარაკეტო იერიშები ქალაქ ხარკივში კრიტიკულ ინფრასტრუქტურასა და საცხოვრებელ ბინებზე მიიტანეს. დაშავებული მშვიდობიანი მოქალაქეები საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაიბრუნა ივანოვკა და კონტრშეტევაზე გადავიდა ხერსონის ოლქში. ოკუპირებულ ქალაქ მელიტოპოლის მერის ინფორმაციით, უკრაინის იერიშების შედეგად, დაბომბილია ოკუპანტების სამხედრო ბაზა.

უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, ოკუპანტები პოზიციების შენარჩუნებას დონეცკის მიმართულებით ცდილობენ. მათივე ცნობით, ბოლო 24 საათში დონეცკის ოლქში რუსმა დამპყრობლებმა 4 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს და 5 დაჭრეს, მათ შორის 2 ბავშვი. სისტემური სარაკეტო იერიშები ხორციელდება მიკოლაივის მიმართულებითაც.

1 027 გათავისუფლებული სოფელი და 2 610 ოკუპირებული პუნქტი - ეს ომის 130 დღის შედეგია. დროებით ოკუპირებული და უკვე გათავისუფლებული ტერიტორიების შესახებ უკრაინის პრეზიდენტმაც ისაუბრა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყურადღება კიდევ ერთხელ გაამახვილა, რომ რუსეთის აგრესიის შესაკავებლად მთელი ცივილიზებული სამყაროს ერთიანი ძალისხმევაა საჭირო.

სევეროდონეცკის დაკავების შემდეგ ახლა რუსების სტრატეგიული ამოცანა ქალაქ ლისიჩანსკის აღებაა. სწორედ ამ ქალაქის დაკავების შესახებ გაავრცელა დღეს ინფორმაცია რუსულმა მხარემ, რაც ოფიციალურმა კიევმა არ დაადასტურა.

ვითარება მძიმეა დონბასში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ დონბასის რეგიონში ,"თამაში არ დასრულდება" იმ­ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთი მთელს ლუჰანსკს აიღებს.

დღის ამბები